ჯანდაცვა
ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტიდან საქართველოში 25 მოქალაქე არ შემოუშვეს
ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, ბოლო ორ დღეში უცხო ქვეყნის 25 მოქალაქეს ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს.
საზღვარზე შემოწმებისას მათ მაღალი ტემპერატურა და ახალი პასრპორტი დაუფიქსირდათ, რის გამოც უკან გააბრუნეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, არცერთ მათგანს კორონავირუსის სხვა დამახასიათებელი სიმპტომი არ აღენიშნებოდა.

მისივე თქმით, ახალ პასპორტში სამოგზაურო ისტორია ნაჩვენები არ არის, რის გამოც სავარაუდოდ რისკ ჯგუფის ქვეყნებში იმყოფებოდნენ.

" გუშინდელი მონაცემებით აზერბაიჯანის 24 და უკრაინის 1 მოქალაქეს ეთქვა უარი ქვეყანაში შემოსვალზე. ზოგ შემთხვევაში მაღალი ტემპერატურა ,ზოგ შემთხვევაში კი ახალი პასპორტი გახდა მიზეზი. საერთოდ, კახეთის რეგიონში სტაბილური მდგომარეობაა. ამ დროისთვის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს" - აღნიშნა ხიზანიშვილმა.

ამ დროისთვის, კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 47 ადამიანი იმყოფება.


| Print |
FaceBook Twitter Google