ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანაში ვირუსის უფრო მეტ გავრცელებას უნდა ველოდოთ
მოსალოდნელია ვირუსის მეტად გავრცელება, თუმცა ჯანდაცვის სისტემა მზადაა მიიღოს გაზრდილი ნაკადი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ჩვენ პირველი ტალღა უკვე მივიღეთ. ახლა ველოდებით შედარებით მეტ გავრცელებას მოსახლეობაში. ჩვენ ბოლო კვირის განმავლობაში აღვწერეთ ყველა საავადმყოფო, რომლის ჩართვასაც ვაპირებთ ამ პროგრამაში და ეს არის დამატებით 600-მდე საწოლი, რომელიც 24-დან 48 საათში მზად იქნება პაციენტების მისაღებად. აღწერილი იქნა, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე მათი პერსონალის მზაობა პაციენტების მისაღებად და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ კვირიდან სისტემა მზადაა მიიღოს ის გაზრდილი ნაკადი, რომელსაც ველოდებით.“

მინისტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ გვყავს ისეთი მძიმე პაციენტები, რომელსაც ესაჭიროება ხელოვნური სუნთქვის აპარატი, სამინისტროს უკვე მზად აქვს 150 ერთეული, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყება მუშაობს, როგორც პირველადი ჯანდაცვის რგოლთან, ასევე სხვა ექიმებთან, რომლებიც ამ პაციენტებს სტაციონარში მკურნალობენ და ამ ეტაპზე მათი რაოდენობა არის საკმარისია.
მისივე ცნობით, ისინი ეტაპობრივად გადიან გარკვეულ კონსულტაციებს და ტრენინგებს იმის შესაფერისად, თუ რა საჭიროება დგება ყოველ შემდეგ ნაბიჯზე.
| Print |
FaceBook Twitter Google