ჯანდაცვა
საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველ პარტიას სახელმწიფო შეიძენს
ხვალიდან საქართველოში პირბადეების წარმოება იწყება. ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა საქართველოში ადგილობრივი დამზადებით პირბადეების კერვის და ხვალ უკვე ვიწყებთ პრაქტიკულად პირბადეების დამზადებას საქართველოში. პირველი საწარმო, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთო არის „აჭარა ტექსტილი“. მე პირადად ხვალ ფოთში ჩავალ და ვესტუმრები ამ საწარმოს, რათა პირველი პარტია ჩემი თვალით ვნახო. 10-მდე სამკერვალო საწარმო არის ჩართული ამ პროგრამაში დღეს-დღეობით. “


ნათია თურნავას განმარტებით, ადგილზე არის ნედლეულის საკმარისი მარაგი, რომ პირველი პარტიების წარმოება უკვე განხორციელდეს. მისივე თქმით, პირბადეების პირველ პარტიას სახელმწიფო შეიძენს და შექმნის იმ აუცილებელ მარაგს, რომელიც შემდეგ კერძო სექტორთან ერთად გადანაწილდება იმ კონტინგენტსა და ადამიანებზე, რომლებსაც ეს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოში წარმოებული პირბადეები მრავალჯერადი გამოყენების იქნება.
აქვე შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, აფთიაქებში პირბადეებისა და ანტისეპტიკური საშუალებების დეფიციტი შეიქმნა.
| Print |
FaceBook Twitter Google