ჯანდაცვა
კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოში პრეპარატ "რემდოსოვირს" გამოიყენებენ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატ „რემდოსოვირს“ გამოიყენებენ. პრეპარატის გადმოსაცემად საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანია „გილიადთან“, მოლაპარაკება მიმდინარეობს.


„ამ პრეპარატს 2015 წლიდან კომპანია „გილიადი“ აწარმოებს და შეიქმნა ებოლას ეპიდაფეთქების დროს დასავლეთ აფრიკაში. ეს პრეპარატი ჩინელებმა ძალიან აქტიურად გამოიყენეს თავიანთი ავადმყოფების მკურნალობისას. გარდა ამისა, მრავალი ანტივურუსული პრეპარატის გამოყენება მიმდინარეობდა ჩინეთში და მიმდინარეობს დღესაც, იგივე შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატების, ხლოროხინის, ინტერფერონის, რიბავირინის და ა.შ. ჩვენი ექიმები ამას იყენებენ. რაც შეეხება დასახელებულ პრეპარატს, ეს გახლავთ სწორედ იმ კომპანიის, რომელთანაც საქართველო აქტიურად თანამშრომლობს C ჰეპატიტთან დაკავშირებით.“

ამირან გამყრელიძის თქმით, ეს არის ერთ-ერთი უმძლავრესი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია და საქართველოს მთავრობამ მიმართა თხოვნით, რომ ამ პრეპარატების გარკვეული რაოდენობა გამოიყოს ჩვენი ქვეყნისთვის.

„დარწმუნებული ვარ, ეს მოთხოვნა ჩვენთვის დაკმაყოფილდება და ე.წ. სარეზერვო მარაგში ეს პრეპარატი გვექნება. მას აქვს თავისი ჩვენებები, ვის უნდა დაენიშნოს, როგორ და ა.შ. ჩვენი ექიმები ამას გამოიყენებენ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ  stopcov.ge -ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან ერთი უკვე გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში 1 592 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 262.





| Print |
FaceBook Twitter Google