ჯანდაცვა
სანამ კონტაქტების ტესტირება არ ჩატარდება,ძნელია თქმა ვინ არის წყარო - ირაკლი ქადაგიშვილი
„ჩვენ გადავამოწმებთ სწრაფი ტესტებით, თუ რა მდგომარეობაა ინფიცირებული ექიმის კონტაქტებს შორის. სანამ ეს ტესტირება არ ჩატარდება, ძნელია იმის თქმა, ვინ არის წყარო. თუ ეს ტესტირება გამოავლენს დამატებით შემთხვევას, მაშინ ჩვენ შეგვეძლება უფრო მეტი ალბათობით წყაროზე საუბარი,“ - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა დღეს ყვარელში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, 1 მაისს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარდა გაფართოებული მიზნობრივი PCR ტესტირებები, რომლის მიზანი იყო ყველაზე უფრო მოწყვლადი ჯგუფის, კერძოდ, სამედიცინო პერსონალის კვლევა. აღნიშნული შემთხვევაც სწორედ ამ კვლევის ფარგლებში გამოვლინდა.

„ეს კვლევა უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. გუშინ 148 ტესტი ჩატარდა და მხოლოდ ერთ ქალბატონს აღმოაჩნდა დადებითი შედეგი, რომელიც უკვე გადაყვცანილია ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში. ადგილობრივი რეგიონალური საოპერაციო შტაბი დილიდან შეკრებულია, ეპიდემიოლოგები მუშაობენ, ყველა კონტაქტი ფაქტობრივად მოძიებულია და მიმდინარეობს პროტოკოლის შესაბამისად ამ კონტაქტების სისტამატიზირება.“

შეგახსენებთ, რომ დღეს კახეთში კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი 50 წლამდე ასაკის ქალს დაუდასტურდა, რომელიც მუშაობს ექიმად, სასწრაფო დახმარების სამსახურში და ასევე ევექსის კლინიკაში.

ჯერჯერობით უცნობია, ჩაიკეტება თუ არა ყვარელი ან მუნიციპალიტეტის რომელიმე სოფელი. ეს დღეს, მას შემდეგ გადაწყდება, რაც ტესტირების პასუხები გახდება ცნობილი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, ეპიდსიტუაციის შესახებ ზუსტი სურათი უცნობია.
| Print |
FaceBook Twitter Google