ჯანდაცვა
კახეთიდან ლუგარში გაგზავნილი 279 ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში ორი დღის განმავლობაში 379 ნიმუში გაიგზავნა, მათგან 279 ბიოლოგიური მასალის ტესტირების შედეგი ცნობილია. არც ერთ შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურდა. კოვიდ 19 არ დაუდგინდა არც ინფიცირებულ ექთანთან კონტაქტში მყოფ 16 ადამიანს.

"8 მაისს ავიღეთ და ლუგარის ლაბორატორიაში გავაგზავნეთ 212 ნიმუში, საიდანაც 112 ტესტირების პასუხი ცნობილია და ყველა შედეგი უარყოფითია. ასევე ნეგატიურია ინფიცირებულ ექთანთან კონტაქტში მყოფი მოქალაქეების ნიმუშების ტესტირების შედეგები. კორონავირუსი არ დადასტურდა არც 7 მაისს გაგზავნილ167 საკვლევ მასალაში", - განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

ამ დროისთვის კახეთში თვითიზოლაციაში 42 მოქალაქე იმყოფება, სპეციალისტების მეთვალყურეობა მოეხსნა 1 მოქალაქეს. 11 საკარანტინე სივრცეში კი 558 ადამიანია მოთავსებული.

აქვე შეგახსენებთ, რომ საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსის ექთანს, რომელიც ამავე დროს თბილისის ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მუშაობს, კორონავირუსი მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში PCR კვლევით დაუდასტურდა. მას ამავე მეთოდით კორონავირუსზე განმეორებით გამოიკვლევენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება. ექთანი თბილისის ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, იზოლირებულ ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.


| Print |
FaceBook Twitter Google