ჯანდაცვა
კახეთში კორონავირუსზე ტესტირება 793 მედიკოსს ჩაუტარდა
კახეთში კვლავ მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირება, რომლის ფარგლებში გამოკვლევები უტარდებათ მაღალი რისკჯგუფების წარმომადგენლებს. ესენი არიან: სამედიცინო პერსონალი, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლები, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები, ასევე მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები, საბაჟოს თანამშრომლები.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 1862 ნიმუში. აქედან 793 მედპერსონალია, 397 კი კარანტინში მყოფი პირები.

აქვე შეგახსენებთ, რომ ამ ხნის განმავლობაშ 2 საეჭვო შემთხვევა დაიფიქსირდა.

პირველადი ტესტით, მათ შორის PCR კვლევითაც კორონავირუსი დაუდასტურდა ყვარლის სასწრაფო დახმარების სამსახურისა და ევექსის კლინიკის ექიმს, თუმცა, განმეორებითმა და მათ შორის ჩაღრმავებულმა კვლევებმა არამარტო კოვიდ 19, სხვა კორონავირუსების არსებობაც გამორიცხა.

მეორედ ვირუსი დაუფიქსირდა საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალსსა და თბილისში ბოჭორიშვილის კლინიკაში მომუშავე ექთანს, თუმცა, დღეს ბოჭორიშვილის კლინიკაში განაცხადეს, რომ კორონავირუსი PCR კვლევით არც მას დაუდასტურდა. ექთანს ჩაუტარდება სიღრმისეული კვლევა, რადგან ისევე როგორც წინა შემთხვევაში, ამჯერადა მისი მდგომარეობა უსიმპტომოა.

შეგახსენებთ, რომ ორივე შემთხვევაში მედიკოსებს ვირუსი მასობრივი მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში გამოუვლინდათ.
| Print |
FaceBook Twitter Google