ჯანდაცვა
კახეთში 49 მოქალაქის ტესტის პასუხი კორონავირუსზე ნეგატიურია
გუშინ, 23 მაისს კახეთიდან ლუგარის ცენტრში კორონავირუსზე გამოსაკვლევად 49 ნიმუში გააგზავნეს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, მათგან ყველა პასუხი ნეგატიურია.

„ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები. 23 მაისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 49 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია.
სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 3707 ნიმუში, აქედან 1200 მედპერსონალია, 1384 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი - 193.“ - განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე თქმით, კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია. დღეის მდგომარეობით Covid-19-ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.
თვითიზოლაციაში იმყოფება 11 მოქალაქე. მეთვალყურეობიდან მოიხსნა 2 მოქალაქე. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 8 ლოკაციაზე იმყოფება 319 მოქალაქე.

| Print |
FaceBook Twitter Google