ჯანდაცვა
გამოკითხულთა 53% აცხადებს, რომ არ აიცრებოდა - NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მოსახლეობა კორონავირუსის აცრის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი.
კვლევის თანახმად, მთავრობის ვაქცინაციის გეგმას ეფექტურად მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები (42 პროცენტი) აფასებს და მხოლოდ 35 პროცენტი ამბობს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში აიცრებოდა; 53 პროცენტი აცხადებს, რომ არ აიცრებოდა, 12 პროცენტი კი შეკითხვაზე პასუხობს: „არ ვიცი“.

ქალები და 55 წელს ქვემოთ ასაკის მოქალაქეები, სხვებთან შედარებით, ვაქცინაციის მიმართ უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილნი. ამასთან, კვლევის თანახმად, ისინი ვინც ამბობენ, რომ აცრას არ გაიკეთებენ, მიზეზად ასახელებენ ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობას (48 პროცენტი) და რწმენას, რომ

პანდემიის გადალახვა ვაქცინაციის გარეშეც შეძლებენ (20 პროცენტი). მოქალაქეები COVID-19-ის შესახებ ინფორმაციას უმეტესად ტელევიზიიდან (60 პროცენტი) ან ინტერნეტით (35 პროცენტი) იღებენ, ინფორმაციის სანდოობის მხრივ კი, სამედიცინო სფეროს მუშაკებსა (74 პროცენტი) და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (68 პროცენტი) გამოარჩევენ.

| Print |
FaceBook Twitter Google