ჯანდაცვა
კომპანია „Pfizer”-ის მიერ წარმოებული პრეპარატი 89%-ით ეფექტურია კორონა ვირუსის წინააღმდეგ
„EYEWITNESS NEWS”-ის ინფორმაციით, კომპანია „ Pfizer”-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით, თუკი ინფიცირებული სიმპტომების გამოვლინებიდან სამი დღის განმავლობაში მიიღებს მედიკამენტს, დაზღვეული იქნება ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან.
ამავე მედიის ინფორმაციით, „ფაიზერმა“ 1200-ზე მეტი კოვიდ-პაციენტი გამოიკვლია. კვლევის თანახმად, იმ პაციენტებში, რომლებიც კომპანიის პრეპარატს დაავადების გამოვლინებიდან მცირე დროის შემდეგ იღებდნენ, ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილიანობის მაჩვენებელი 89%-ით შემცირდა იმ პირებთან შედარებით, რომლებსაც პლაცებოს (ფსიქოლოგიური გავლენის მიზნით პაციენტისთვის მიცემული ცრუ მედიკამენტი, რომელსაც არანაირი ქიმიური თვისება არ გააჩნია) აძლევდნენ.

პაციენტებიდან ,რომლებიც პლაცებოს იღებდნენ 10 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ისინი, ვინც „ფაიზერის“ აბებს სვამდა არც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა და არც სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირებულა. კვლევა არ ჩატარებულა ვაქცინირებულ ადამიანებზე.

ამის მიუხედავად, სპეციალისტები ხაზს უსვამენ ფაქტს, რომ მედიკამენტი სრულად ვერ ჩაანაცვლებს ვაქცინას, რომელიც დღეს არის ყველაზე მაღალი ეფექტურობის მქონე პრეპარატი კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში.

თუმცა, კოვიდ-საწინააღმდეგო მედიკამენტს მეტად დიდი მნიშვნელობა ექნება, თუკი ადამიანები მას ინფიცირებიდან მოკლე დროში მიიღებენ და , ასევე, ისეთ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაზე ხელი არ მიუწვდებათ.

„ფაიზერში“ აცხადებენ, რომ კომპანია მიმართავს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას და საერთაშორისო მარეგულირებელ ორგანოებს მისი აბის გამოყენების ავტორიზაცია რაც შეიძლება მალე გასცენ. დამტკიცების შემთხვევაში პრეპარატი „Paxlovid”-ის დასახელებით გაიყიდება.
| Print |
FaceBook Twitter Google