ჯანდაცვა
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გურჯაანი საპილოტე მუნიციპალიტეტად შეარჩია
დღეს ქალაქ გურჯაანში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც ვაქცინაციის კამპანიას ემსახურებოდა. შეხვედრას გაუძღვა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი თაქთაქიშვილის ინფორმაციით, ეროვნული ცენტრის მიერ დაწყებული მარათონის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აგრძელებს მარათონს ორ მუნიციპალიტეტში, გურჯაანსა და ოზურგეთში, რომლებიც საპილოტედ შევარჩიეთ. დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები. დღეს შეხვედრები გვაქვს ექთნებთან, რომლებიც სოფლებში ივლიან კარდაკარ და აცრასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდიან მოსახლეობას. გაიზრდება საინფორმაციო მასალაზე ხელმისაწვდომობა. იქნება საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან. იგეგმება PR აქტივობები. ყველა საჭირო ღონისძიება ჩატარდება დეკემბრის ბოლომდე. ჩვენი მიზანია მუნიციპალიტეტში მოსახლეობის 60%-ის აცრა.“- ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში გიორგი თაქთაქიშვილი.

მისივე თქმით, ოქტომბრის თვეში მარათონი კონცენტრირებულად 50 სოფელში ხორციელდებოდა, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.

შეხვედრაზე ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, გურჯაანისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საპილოტედ შერჩევა, მისი სუბიექტური გადაწყვეტილებაა, რადგან ამ ორი ქალაქის მერი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია.

შეხვედრის შემდეგ დამსწრე საზოგადოების ნაწილმა აცრა ადგილზევე ჩაიტარა
| Print |
FaceBook Twitter Google