ჯანდაცვა
გურჯაანში მასობრივი ვაქცინაციის სამოდელო პროექტი განხორციელდება
გურჯაანი კახეთის რეგიონში პირველი მუნიციპალიტეტი იქნება, სადაც ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის ნებაყოფლობითი ვაქცინაციის გასაფართოებლად სპეციალური ღონისძიებები ჩატარდება.
პროცესში ჩაერთვებიან მუნიციპალიტეტის ცენტრალური სამედიცინო დაწესებულებების, ასევე სოფლის ამბულატორიების ექიმები და ექთნები.

დღეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ დაკომპლექტებული სპეციალისტთა ჯგუფი, ათობით ადგილობრივ მედიკოსს კიდევ ერთხელ ინტენსიური სწავლებას, ვაქცინაციის პროცესის უსაფრთხოდ და კვალიფიციურად წარმართვისთვის საჭირო ინსტრუქტაჟს ჩაუატარებს. გაიმართება როგორც თეორიული სწავლებები, ასევე პრაქტიკული პროცედურების დეტალური განხილვა.

18 ნოემბრიდან კი გურჯაანსა და მის სოფლებში ერთდროულად დაიწყება მოსახლეობის აცრა.
ვაქცინაცია წარიმართება ყველა იმ სოფელში, სადაც სამედიცინო პუნქტები ფუნქციონირებს, რაც სოფლის მცხოვრებთ გაუმარტივებთ ვაქცინებზე წვდომას.

აღნიშნული კამპანია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ არის დაგეგმილი. პროცესში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ვაქცინაციის ხელშწყობის ახალი ინტერვენცია პირველად გურჯაანიდან იწყება, თუმცა უახლოეს მომავალში ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს.

| Print |
FaceBook Twitter Google