ჯანდაცვა
ინფიცირების 95% ომიკრონია-რა უნდა ვიცოდეთ ამ შტამის შესახებ


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, COVID-19 დადასტურებული შემთხვევების დაახლოებით 95% ომიკრონითაა განპირობებული.
ამიტომ, წარმოგიდგენთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს, რაც აღნიშნულ ვარიანტთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ:

„COVID-19-ის გამომწვევი ახალი ვარიანტი 2021 წლის ნოემბრიდან გავრცელდა და წინა ვარიანტებთან შედარებით გავრცელების მაღალი სისწრაფით ხასიათდება;

-ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით 5-ჯერ უფრო გადამდებია;

-ომიკრონის შტამით ინფიცირების შემთხვევაში დაავადება, უმრავლეს შემთხვევაში, უფრო მსუბუქად მიმდინარეობს;

-ომიკრონისთვის ყველაზე დამახასიათებელი სიმტომებია: ყელის, თავის ან წელის ტკივილი, სურდო, ზომიერი ცხელება, ხველა, ღამით ოფლიანობა, საერთო სისუსტე და სხვ.;

-სიმტომების აღმოჩენის შემთხვევაში, ნუ აღელდებით, დაუკავშირდით ოჯახის ექიმს ან დარეკეთ 15-22 ზე და ისარგებლეთ ონლაინ კლინიკით. დარჩით სახლში, მოერიდეთ ოჯახის წევრებს და, თუკი მათთან კონტაქტი გარდაუვალია, გამოიყენეთ პირბადე, არ გამოიყენოთ საერთო სარგებლობის ნივთები, გაწმინდეთ და საგულდაგულოდ დაასუფთავეთ ხშირად შეხებადი ზედაპირები, მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე და დარჩით ფიზიკურად აქტიური სახლის პირობებშიც.

-გახსოვდეთ, ვაქცინაცია დაავადების მძიმედ განვითარების პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალებაა, ბუსტერი კი მნიშვნელოვნად ზრდის, მათ შორის ომიკრონისგან, დაცულობას.
გაითვალისწინეთ რეკომენდაციები და დაიცავით საკუთარი და საყვარელი ადამიანების სიცოცხლე!“,-ვკითხულობთ განცხადებაში.
| Print |
FaceBook Twitter Google