ჯანდაცვა
საქართველოს მიმდინარე კვირაში კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატი ექნება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილის თქმით, საქართველოს უკვე მიმდინარე კვირაში ექნება კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტი.

ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

სხდომის დასრულების შემდეგ ზურაბ აზარაშვილმა თქვა, რომ ეს მედიკამენტი უფასო იქნება ყველა იმ პაციენტისთვის, ვინც პოტენციურად შეიძლება დამძიმდეს.

"ამ კვირაში უკვე გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი. ეს არის სპეციალური პრეპარატი, "პფაიზერის" შექმნილი - "პაქსლოვიდი". მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას აქვს და მიხარია, რომ ერთ-ერთი ჩვენი ქვეყანა იქნება და ყველა, ვინც შეიძლება პოტენციურად დამძიმდეს ინფიცირების შემთხვევაში, ქრონიკული დაავადებები აქვს, უფასოდ დაურიგდებათ და იმკურნალებენ ინფიცირებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში", - ამბობს მინისტრი.

მისივე თქმით, საქართველოს ხელი აქვს მოწერილი გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე, რის გამოც, მან არ დაასახელა, მედიკამენტის რამდენი და რა ღირებულების დოზა შემოვა საქართველოში.
| Print |
FaceBook Twitter Google