ჯანდაცვა
სახელმწიფო ცარიელ საწოლებში იხდიდა თანხას - ჯანდაცვის მინისტრი
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი კლიკების მიერ კოვიდპანდემიის პერიოდში არსებულ დარღვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ საკითხის შესწავლა უკვე მიმდინარეობს. მისი განცხადებით, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კოვიდპანდემიის დროს, ექიმებსა და ექთნებს მათთვის დარიცხული დანამატი არ მიუღიათ. საუბარია თანხაზე, რომელსაც სახელმწიფო, კონკრეტული მიზნობრიობით, რიცხავდა, თუმცა ბენეფიციარებამდე არ მიდიოდა.

„სამწუხაროდ, რამდენიმე კლინიკაში იყო შემთხვევა, როდესაც დირექტორი და მისი მოადგილეები 5-10-ჯერ იზრდიდნენ ხელფასებს, ექიმებისა თუ ექთნების დანამატებისა და სახელმწიფოს ხარჯზე“, განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ასევე გაუგებარია, აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებები პანდემიამდე არსებულ რეჟიმში გადასვლასთან დაკავშირებით, რატომ აპელირებენ ვადებზე, თითქოს, მათ მხოლოდ 5 დღე ჰქონდათ ძველ სისტემაზე დასაბრუნებლად.

„2022 წლის იანვრიდან მოყოლებული, აქტიურად ვაკვირდებოდით დატვირთულობას კლინიკებში. აღმოჩნდა, რომ ხშირად, პაციენტთა მიღების თუ გაწერის მკაცრად გაწერილი კრიტერიუმები არ სრულდება და ხელოვნურად ხდებოდა მათი რაოდენობის ზრდა. ზუსტად ეს იყო საფუძველი, რომ არ მოხდა კლინიკების გადავსება და პიკურ პერიოდში საშუალოდ, 6 000 პაციენტი იყო სტაციონარში. ის 9 000 საწოლი, რაც მე იანვრის დასაწყისში დამხვდა, მით უმეტეს არაპიკურ პერიოდში, საერთოდ არ იყო საჭირო. 1 700 საწოლი პირველივე კვირაში გავაუქმე. ვსაუბრობ ისეთ საწოლებზე, რომლებიც ცარიელი იყო და რომლებშიც სახელმწიფო, 2 წლის განმავლობაში, არც თუ ისე ცოტა თანხას, თითოში, დაახლოებით, 180 ლარს იხდიდა, დატვირთულობა კი 60% იყო. ანუ, 2 წლის განმავლობაში, მობილიზებული საწოლებიდან, მინიმუმ, 40%-ში ცარიელ საწოლებში იხდიდა. ზუსტად ეს თანხა უნდა ყოფილიყო საკმარისი, როდესაც შეტყობინებებს მივცემდით და ფაქტობრივ ანაზღაურებაზე გადავიყვანდით კლინიკებს.
ამ ორი წლის განმავლობაში, ჯამში, სულ კლინიკებისთვის 1 მილიარდი ლარია გადახდილი და კლინიკებს უნდა ჰქონოდათ იმის შესაძლებლობა, დროულად გადაწყობილიყვნენ ჩვეულ სამუშაო რეჟიმზე“.

მინისტრის განცხადებით, შემოწმდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებიც და ნებისმიერი დარღვევა გამოვლინდება.
„თუ ვინმე დანაშაულს ჩადიოდა, აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი. აქ საუბარია კონკრეტულ კლინიკებზე. შეუძლებელი და პრინციპულად მიუღებელია, სახელმწიფო თავისი მოქალაქეებისა და ბიუჯეტის ხარჯზე კონკრეტულ კლინიკებს ამდიდრებდეს, ან ეს კლინიკები ამით „შოულობდნენ“ ფულს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მისი თქმით, როგორც კი, კოვიდკლინიკებში სიტუაციას სრულად შეისწავლიან და ინფექციების გავრცელების, პროტოკოლის დარღვევის, თუ ფინანსური პრობლემების საერთო სურათი შეიქმნება, ეს ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება.
| Print |
FaceBook Twitter Google