ჯანდაცვა
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ჯერ არის გაზრდილი- ივანე ჩხაიძე
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის შეფასებით, ორი კვირის წინანდელ სტატისტიკაზე დაყრდნობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ჯერ არის გაზრდილი.
როგორც მედიაცენტრ "მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე ჩხაიძემ აღნიშნა, არსებობს რეალური მოლოდინი, რომ შემოდგომაზე საქართველოში "ცუნამის" მსგავსი კორონავირუსის ახალი ტალღა დაფიქსირდეს.

"500-დან ავედით ჯერ 1200-მდე, ახლა 2500-მდე. პრაქტიკულად, 5-ჯერ არის მომატებული შემთხვევები ბოლო 2 კვირის განმავლობაში, რაც მართლაც მნიშვნელოვანი მატებაა. თუმცა თუ ციფრებს შევხედავთ, ჯერჯერობით ეს მატება საგანგაშო არ არის, მაგრამ მატების დინამიკის თვალსაზრისით,   ნამდვილად საგანგაშოა. 5-ჯერადი მატება ძალიან ბევრია, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა და ყოველ კვირას შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა, ალბათ, მოგვიწევს ყოველდღიურ სტატისტიკაზე გადასვლა და არა ყოველკვირეულზე," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ შემთხვევათა მატების პარალელურად მოიმატებს საავადმყოფოში მიმართვიანობაც.

ივანე ჩხაიძის განმარტებით, აუცილებელია იმ ადამიანების ვაქცინაციის გააქტიურება, რომლებსაც მესამე დამატებითი "ბუსტერ" დოზა არ გაუკეთებიათ. მისი ინფორმაციით, "ბუსტერ" დოზა ქვეყანაში მხოლოდ 260 ათას ადამიანს აქვს გაკეთებული.


| Print |
FaceBook Twitter Google