ჯანდაცვა
მედიკამენტების ფასებზე ზედა ზღვარი დაწესდება
2023 წლიდან, წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე ძვირადაც დაუშვებელი იქნება მედიკამენტის რეალიზაცია. წამლის კანონში შესატანი შესაბამისი ცვლილებები, პარლამენტს განსახილველად გადაეგზავნება.


როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება.

„რეფერენტული ფასები, პირველ ეტაპზე, ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებს შეეხება. დაახლოებით, განსაზღვრულია 1100 დასახელების მედიკამენტი. შემდეგი ეტაპი იქნება, რეფერენტული ფასის, ყველა დარჩენილ რეცეპტულ მედიკამენტზე დაწესება“, - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ეს მეთოდი მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. რეფორმის მიზანია ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამართლიანი ფასებისა და კონკურენტული და გამჭვირვალე ფარმაცევტული ბაზრის უზრუნველყოფა. როგორც მთავრობაში განმარტავენ, წინასწარი გათვლებით, რეფერენტული ფასების დაწესება, საშუალოდ, 40%-ით გააიაფებს წამლების ღირებულებას.



| Print |
FaceBook Twitter Google