ჯანდაცვა
კახეთში დიალიზის კიდევ 2 ცენტრი ამოქმედდა
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში წელს დიალიზის 10 სერვისცენტრი გაიხსნა, მათ შორის 2 კახეთში - საგარეჯოსა და ყვარელში.
22 იანვრიდან, ყვარელში, ევექსის ქსელში, დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველდღიურად ისარგებლონ აღნიშნული მომსახურებით. საგარეჯოში კი ჰემოდიალიზის ცენტრი ჯეო ჰოსპიტალსის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ბაზაზე გაიხსნა.


„ცენტრში განთავსებული აუახლესი თანამედროვე აღჭურვილობა და მისი რაოდენობა შესაძლებლობას იძლევა, 4 საათიანი ჰემოდიალიზის სეანსი დღეში 38 პაციენტს ჩაუტარდეს. ,, საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ბაზაზე დიალიზის ცენტრის გახსნა ბენეფიციარების ტერიტორიული პრინციპით გადანაწილების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია , რადგან ადგილზე იზრდება ხელმისაწვდომობა და მათ აქამდე არსებული დისკომფორტის თავიდან აცილების საშუალებას აძლევთ. პაციენტებს აღარ მოუწევთ სხვა ქალაქებში სიარული, ზედმეტი დროის და ხარჯების დაკარგვა. ადგილზე ისინი სრულად უზრუნველყოფილები იქნებიან დამატებითი სამედიცინო მომსახურებითაც თუ ამის საჭიროება ან მოთხოვნა იქნება ბენეფიციარების მხრიდან“-განაცხადა ჯეო ჰოსპიტალსის საგარეჯოს ფილიალის მენეჯერმა - სულხან სამხარაძემ.


ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად, მომსახურებაზე კიდევ უფრო გაიზარდა გეოგრაფიული მოცვა და ხელმისაწვდომობა, შესაბამისად, ბენეფიციარები, სერვისს, მათსავე ქალაქში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიიღებენ.


„სამედიცინო დაწესებულებები, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულად აღიჭურვა. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს, სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი, ყოველდღიურად, მოემსახურება.
დიალიზის ახალი ცენტრები, სამინისტროს ჩართულობით, კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მანამდე, ბენეფიციარებს, პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრების დაშორებით, სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

დღეს, ქვეყნის 49 მუნიციპალურ ერთეულში, დიალიზის ცენტრები, ყოველდღიურად, 2600 პაციენტს ემსახურება.

პროგრამის გაფართოება, ჯანდაცვის სამინისტრომ, 2022 წლის აპრილში დააანონსა, რის შემდეგაც მომსახურება, ამავე წელს, ეტაპობრივად, ამოქმედდა მესტიაში, ამბროლაურში, ლანჩხუთში, ყაზბეგსა და თიანეთში.“ - აცხადებენ სამინისტროში.


მათივე ცნობით, წელს საქართველოს მასშტაბით დიალეზის სერვისცენტრები გაიხსნა: წალენჯიხაში, საგარეჯოში, დუშეთში, ახალქალაქში, ყვარელში, ტყიბულში, სენაკში, მარტვილში, ხულოსა და ჭიათურაში. უახლოეს მომავალში კი, აღნიშნული სამედიცინო მომსახურება ამოქმედდება, ასევე, კასპში, ცაგერში, წნორსა და დედოფლისწყაროში.
| Print |
FaceBook Twitter Google