კულტურა
კოტე აფხაზის სასახლეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ექნება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მდებარე ეროვნული გმირის კოტე აფხაზის სასახლეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭება. როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი აცხადებს, სასახლის გაძეგლების საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. მარკოზაშვილის განმარტებით, ზუსტად როდის მიენიჭება სასახლეს ძეგლის სტატუსი უცნობია. „ძეგლის სტატუსის მინიჭება და მასთან დაკავშირებული პროცედურები ძირითადად ძეგლთა დაცვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურს ევალება. ეს პროცესი გარკვეულ პერიოდს მოითხოვს. სტატუსის მინიჭება სხვადასხვა მიმართულებებით ხდება, პირველ რიგში, ამა თუ იმ ობიექტს უნდა ჰქონდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნიშნები. ანუ არ უნდა იყოს სავალალო მდგომარეობაში. მე დავუკავშირდი მონიტორინგის სამსახურის უფროსს ბატონ გიორგი გაგოშიძეს და შევიტყვე, რომ გაძეგლების პროცესი დაწყებულია“. როგორც მარკოზაშვილი ამბობს, სტატუსს დიდი მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს, როდესაც საკითხი ძეგლის რეაბილიტაციას შეეხება. გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტატუსი რამდენიმე ძეგლს გასულ წელსაც მიენიჭა. სოფელ არაშენდაში ივანე ანდრონიკაშვილის სასახლეს მემორიალური ძეგლის სტატუსი აქვს, სასახლის სტატუსი მიენიჭა ასევე ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმს და სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე ჯანდიერების სასახლეს. ინფორმაციისთვის, სოფელ კარდენახში მდებარე კოტე აფხაზის სასახლე მე-19 საუკუნის შუა წლებშია აშენებული. ეს არის საკმაოდ დიდი, ორსართულიანი მონუმენტური შენობა, რომელიც ქართული აგურითა და რიყის ქვით კირის ხსნართაა აგებული. მარკოზაშვილის ცნობით, სასახლეში ბავშვობის წლები გაატარა კოტე აფხაზმა, იგი ეროვნული გმირია და მისი ღვაწლი დიდია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის რძოლაში. სწორედ ამ ბრძოლას შეეწირა ტრაგიკულად, ის თანამოაზრეებთან ერთად ვაკის პარკში დახვრიტეს. კოტე აფხაზი დიდი მწერლის, ილია ჭავჭავაძის დის შვილი იყო. შესაბამისად, ჭავჭავაძეც კარდენახის სასახლეში ხშირად დაიარებოდა ხოლმე. არსებობს გადმოცემა, რომ ილია ჭავჭავაძეს „ყვარლის მთები“ სწორედ კოტე აფხაზის სასახლის გადასახედიდან არის დაწერილი. რაც შეეხება შენობის ისტორიას, თამაზ მარკოზაშვილის თქმით, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სასახლე აფხაზებს ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა. „აქ გახსნეს მიუსაფარ ბავშვთა პანსიონი, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებამდე ფუნქციონირებდა. შემდგომში პანსიონმა შეწყვიტა არსებობა და 2005 წელს კოტე აფხაზის სასახლე სასამართლო წესით გადავიდა ნიკო აფხაზის საკუთრებაში. ეს უკანასკნელი კოტე აფხაზის ნათესავი, მისი შთამომავალი გახლავთ, რომელიც ცხოვრობს და მოღვაწეობს ქალაქ თბილისში“. მარკოზაშვილის ინფორმაციით, სასახლის ახლანდელ მფლობელთან გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მან ხელი უნდა შეუწყოს ძეგლთა დაცვის შესაბამის ორგანოებს, რათა უპრობლემოდ მოინახულონ ობიექტი და მიიღონ შესაბამისი ზომები მისი აღდგენა-რეაბილიტაციისთვის.
| Print |
FaceBook Twitter Google