კულტურა
გურჯაანის პოლიცია ლადო გუდიაშვილის გაუჩინარებულ ნახატს ეძებს
გუდიაშვილის ნახატით სამართალდამცველები დაინტერესდნენ.
ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმიდან დაკარგულ ნახატთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. გურჯაანის პოლიციამ ძიება მიმდინარე წლის 21 იანვარს დაიწყო.

საუბარია ნახატზე "ქალი მტრედით", რომელიც მხატვარმა ნატო ვაჩნაძეს მიუძღვნა.

საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი მაია ბეროშვილი ამბობს, რომ ნახატი დაკარგული არ არის და ის ხელოვნების მუზეუმში ინახება.

"ნივთი ნატო ვაჩნაძის სახელობის სახლ-მუზეუმის საკუთრება არ იყო, 1982 წელს დროებით შემოვიდა. 2002 წელს კი ისევ ხელოვნების მუზეუმს დაუბრუნდა, რა თქმა უნდა, მიღება-ჩაბარების აქტიც არსებობს. "

საკითხის გარკვევას speqtri.ge საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შეეცადა. ეროვნული მუზუემის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ანა ვერულაშვილის თქმით, ლადო გუდიაშვილის ნახატი ხელოვნების მუზეუმში ნამდვილად ინახება, თუმცა ვერ აკონკრეტებს ის ნახატია თუ არა, რომელსაც გურჯაანის პოლიცია ეძებს.

-" ლადო გუდიაშვილის გრაფიკული ნამუშევარი "ქალი მტრედით", რომელიც ნატო ვაჩნაძის პორტრეტს ასახავს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდების კოლექციაში ინახება. თუმცა ვერ დავადასტურებ, ეს ის ნახატია თუ არა, რაზეც ძიება დაიწყო. ნამუშევარი დროებით ნატო ვაჩნაძის მუზეუმში იყო გადატანილი. ეს მიღებული პრაქტიკაა, როდესაც მუზეუმიდან მუზეუმში ექსპონატის დროებით თხოვება ხდება. 2002 წელს ნამუშევარი კვლავ ხელოვნების მუზეუმს დაუბრუნდა."

ვინ დაინტერესდა ნახატის ბედით და რატომ აღიძრა საქმე, ამის შესახებ ინფორმაციას არც ეროვნული მუზეუმი და არც გურჯაანის გაერთიანების ხელმძღვანელი ფლობს.

| Print |
FaceBook Twitter Google