კულტურა
„თელავის დღე საქართველოს პარლამენტში“
საქართველოს პარლამენტის წევრის, თელავის მაჟორიტარი დეპუტატის, გელა სამხარაულის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში, გაიხსნა გამოფენა „თელავის დღე საქართველოს პარლამენტში“. ღონისძიების მხარდამჭერია თელავის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი თემი და ქალაქ თელავის მერია.
გამოფენაზე წარმოდგენილია ფერმწერთა და თელავის სამხატვრო სკოლის აღსაზრდელთა, ასევე ნაფარეულის სახელოსნოების წარმომადგენელთა ათეულობით ნამუშევარი: ფერწერული ტილოები, ფოტოექსპონატები და ხალხური რეწვის ნიმუშები, მათ შორის, ტექსტილი, ხეზე კვეთა, თექა, კერამიკა, მინანქარი, რომელთა ავტორები როგორც უფროსი და საშუალო თაობის წარმომადგენლები, ასევე თელავის რაიონის მოსწავლე ახალგაზრდები არიან. გამოფენის გახსნას მაჟორიტარი დეპუტატის მოწვევით, სპეციალური სტუმრის სტატუსით, ასევე თელავის მუნიციპალიტეტის მზრუნველობას მოკლებული, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები ესწრებოდნენ.

„ამ დარბაზს ბევრი განსაკუთრებული წუთი ახსოვს და ვფიქრობ, რომ ეს დღეც განსაკუთრებული იქნება პარლამენტის ისტორიაში, სადაც თავი მოიყარა ერთად ამდენმა ნიჭიერმა ადამიანმა. თელავი ყოველთვის გამოიჩევა თავისი კულტურით, საზოგადოებით, ხელოვნების სიყვარულით. თუნდაც ის რად ღირს, რომ თელავის თეატრის 255-ე სეზონი გავხსენით და გვაქვს უძველესი თეატრი საქართველოში. ასევე განსაკუთრებულია თელაველი ხელოვანების ღვაწლი თავისი სამხატვრო სკოლით, რომელთა ნაწილიც დღეს წარმოდგენილია ამ დარბაზში“, - განაცხადა გამოფენის გახსნისას გელა სამხარაულმა.


გამოფენა დაათვალიერეს პარლამენტის წევრებმა, აპარატის თანამშრომლებმა, თელავის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. გამოფენა პარლამენტში 22 ივნისს დაიხურება.
| Print |
FaceBook Twitter Google