კულტურა
ფიროსმანის "თამარ მეფესა“ და "შოთა რუსთაველს" რესტავრაცია ჩაუტარდება

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფიროსმანის აღდგენის“ მასშტაბური პროექტი იწყება. პირველ ეტაპზე რესტავრაცია ორ ნამუშევარს - „თამარ მეფესა“ და „შოთა რუსთაველს“ ჩაუტარდება, რომლებიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში მდებარე ფიროსმანის მუზეუმის კოლექციაშია დაცული.

აღნიშნული ნამუშევრები ნიკო ფიროსმანის სახელობის თბილისის მუზეუმში დღეს რამდენიმე საათით გამოიფინება, მათი მდგომარეობა შემოწმდება და ეროვნულ მუზეუმში გადაიგზავნება. სამინისტროს ინფორმაციითვე,  სურათებს რესტავრაციას შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის სარესტავრაციო სახელოსნოს სპეციალისტები - ნანა მანაგაძე და ეველინა კარსელი ჩაუტარებენ.

რესტავრაციის პროცესი სამ თვეს გასტანს, შემდეგ კი ორივე ნამუშევარი თიბისი გალერეაში (მარჯანიშვილის 7), მირზაანის ფონდში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის სრულ კოლექციასთან ერთად გამოიფინება.

ნახატებს რესტავრაცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და "თიბისი ბანკის“ დაფინანსებით ჩაუტარდება.


| Print |
FaceBook Twitter Google