კულტურა
შესაძლოა სიღნაღის თეატრი კაზინომ ჩაანაცვლოს
სიღნაღის თეატრი შენობის გარეშე რჩება. შესაძლოა მის ნაცვლად, ახალმა მფლობელმა კაზინო გახნსას.
კულტურის ცენტრი 2007 წელს, შპს „კინო რუსთაველზე“ 21 000 ლარად გასხვისდა, მიმდინარე წლის ივნისში კი შპს „ალფაზე“ 50 000 დოლარად გაიყიდა. ახალი მფლობელი ტერიტორიის დაცლას ითხოვს.

„შენობა 2007 წელს გაიყიდა შპს „რუსთაველის თეატრზე, მაშინ, როდესაც სიღნაღის დანგრევა დაიწყეს. კახეთის ყოფილმა გუბერნატორმა ასევე გია ნაცვლიშვილმა გაასხვისა ვანო სარაჯაშვილისა და სოლომონ დოდაშვილის მუზეუმი, (საიდანაც გამოგვასახლეს) ცენტრალური ბიბლიოთეკა და მუსიკალური სკოლა. ზურაბ ადეიშვილის ჩარევით მაშინდელი კინოს შენობაში გადაგვიყვანეს. შპს „რუსთაველმა“ გააკეთა საგრიმიოროები, გაჭრა კორიდორი. ათი წლის განმავლობაში ჩვენ ვინახავდით ამ შენობას. ჭერი გადახადა ქარმა და ესეც ჩვენ გადავაფარეთ, 6000 ლარი დაჯდა. წყალმა რომ რემონტი გააფუჭა, ესეც ჩვენი სახსრებით შეკეთდა. ახლა, „ალფას“ წარმომადგენელი მოვიდა და გვთხოვა აქედან გამოდითო. ამ შენობაში მარტო თეტარი არ არის, ასევე განთავსებულია ანსამბლები, სადაც 600 -მდე ბავშვი სწავლობს ცეკვასა და სიმღერას. რაღაც ეჭვი მეპარება, თუ შენობას ყიდდა „რუსთაველი“, ხომ იცოდა რომ 10 წელი აქ ვიყავით და რატომ ჯერ ჩვენ არ გვითხრა. იმიტომ, რომ ფაქტობრივად ახალი მყიდველი არ არსებობს, მას 50 000 დოლარი არ გადაუხდია, ეს არის მეტი ფულის ამოღების საშუალება.“ ამბობს სიღნაღის თეტარის სამხატვრო ხელმძღვანელი მურად ვაშაკიძე speqtri.ge-სთან საუბარში.

მისივე თქმით, სიღნაღში არ არსებობს ალტერნატიული ფართი, სადაც თეატრის განთავსებაა შესაძლებელი. ის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

„გაზი ჩვენ გავიყვანეთ, გათბობაც და სცენაც გავაკეთეთ, განათების აპარატურა 20 000 ლარი დაგვიჯდა. დაზარალებული ვართ წინა ხელისუფლებისგან და ახალ მთავრობას ვთხოვთ გამოასწოროს. გამოსავალია, რომ მოლაპარაკება მოხდეს ახლანდელ პატრონსა და ხელისუფლებას შორის. თუ პრობლემა არ მოგვარდა, სიღნაღში არ იქნება შენობა, სადაც კონცერტის ჩატარება მაინც შეეძლებათ.“

Speqtri.ge შპს „ალფას“ დირექტორს ბესიკ აბესაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი განმარტავენ, რომ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

-"ჩვენ „ალფას“ ოფიციალური წერილი გავუგზავნეთ, ვთხოვთ რომ გვაცნობონ თანხის ოდენობა გასხვისების ან იჯარით გადაცემის შემთხვევაში. რა თანხაზეა საუბარი არ ვიცით. ამავე დროს საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაცია, თუმცა ჯერ პასუხი არ მიგვიღია. ახლა მოლოდინის პერიოდში ვართ.“- აღნიშნა გამგებლის მაოდგილე ეკა ჩახნაშვილმა.

რა ბედი ეწევა სიღნაღის კულტურის ცენტრს და დარჩება თუ არა თეატრალური დასი ღია ცის ქვეშ, ეს ჯერჯერობით უცნობია.
| Print |
FaceBook Twitter Google