კულტურა
თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით ფესტივალი 3 ოქტომბერს გაიხსნება და 13 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

უწყების ინფორმაციით, განრიგში 10 კონცერტია, რომელთაგან 6 თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ერთი - ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში, ერთი კი, წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მოეწყობა. მუზეუმის ტერიტორიაზე, კიდევ, ორი კონცერტია დაგეგმილი.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ: ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, გამოჩენილი ქართველი მუსიკოსი ელისო ვირსალაძე; ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი, მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსი ბორის ბერეზოვსკი; ცნობილი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია; 2017 წლის არტურ რუბინშტეინის პიანისტთა კონკურსის II პრემიის ლაურეატი და მაყურებლის სიმპატიის პრიზის მფლობელი დანიელ ჩობანუ; ვუნდერკინდად აღიარებული 14 წლის მევიოლინე მატვეი ბლუმინი; ვიოლონჩელისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები - ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი ალექსანდრ რამი და ბრუნო ფილიპი; საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრი არიელ ცუკერმანის დირიჟორობით, ასევე, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, რომელიც თავისი 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ კონცერტს გამართავს.
ფესტივალის ფარგლებში, „ალტერ ორკესტრის“ მონაწილეობითა და მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით, დაგეგმილია კონცერტი წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში; თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის - „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეთა კონცერტს კი უმასპინძლებს თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი. ამ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის წინანდლის პარკის ტერიტორიაზე ლექცია-კონცერტს გამართავს სიმებიანი კვარტეტი „იბერი“.

ფესტივალის ორგანიზატორია: სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი.





| Print |
FaceBook Twitter Google