კულტურა
ვეჯინში სავარაუდოდ საგვარეულო აკლდამა აღმოაჩინეს
სოფელ ვეჯინში მიწის სამუშაოების დროს აკლდამა აღმოაჩინეს, რაც შესაძლებელია საგვარეულო განსასვენებელი იყოს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სპეციალისტი, თამაზ მარკოზაშვილი ტერიტორიის შესწავლის აუცილებლობაზე საუბრობს. მისივე თქმით, ტერიტორიაზე სხვა მნიშვნელოვანი ფრაგმენტებიც აღმოჩნდა.
„ ჭაბურღილის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოების დროს ორგანყოფილებიანი აკლდამა აღმოაჩინეს, რომლის სიგრძე დაახლოებით ექვსი მეტრია. მას კამაროვანი გადახურვა აქვს და სავარაუდოდ გვიანდელ შუა საუკუნეებს განეკუთვნება. დათვალიერების დროს აღმოჩნდა, რომ კედლებში დატანებულია სასანთლე ნიშები. სავარაუდოდ ეს არის საგვარეულო განსასვენებელი, რომელიც შეიძლება ეკლესიის მსახურებს ეკუთვნოდეს. ამავე ტერიტორიაზე გაჭრილ თხრილში დიდი ქვევრიც აღმოჩნდა, რაც იმაზე მიუთითებს რომ ოდესღაც აქ მოსახლეობა ცხოვრობდა. აკლდამიდან რამდენიმე მეტრში ხუთსართულიანი კოშკი დგას, რომელიც თავად აბაშიძეების კოშკის სახელით არის ცნობილი. ის მეთვრამეტე საუკუნით თარიღდება. ვვარაუდობთ, რომ ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული.“

დაიწყება თუ არა არქეოლოგიური სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე, ჯერჯერობით უცნობია.



| Print |
FaceBook Twitter Google