კულტურა
კვეტერა - ციხე-ქალაქი ახმეტაში [Photo]
ისტორიული ციხე-ქალაქი კვეტერა ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირზე, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის მარცხენა მხარეს მდებარეობს.
ციხე-ქალაქის კომპლექსის შემადგენლობაში შედის: შიდა ციხე, ქვედა ციხე, გალავანი, სასახლე, დარბაზული ეკლესია და მთავარი ღირსშესანიშნაობა - გუმბათოვანი ეკლესია.

კვეტერა წყაროებში პირველად კვირიკე III-ის მეფობის (1010-1037) დროიდან, XI საუკუნის I ნახევრიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. კვეტერის ციხე-ქალაქი კახეთის სამთავროს ერთ-ერთი ცენტრი იყო. მის დაწინაურებას დიდად შეუწყო ხელი ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ.

საქალაქო ცხოვრების კვალი XIII საუკუნიდან ისპობა და შემდეგ წყაროებში უკვე აღარ არის მოხსენიებული.

როგორც speqtri.ge-სთან ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი გოგი ურგებაშვილი ამბობს, რომ კვეტერა ტურისტებისთვის მოთხოვნადი ძეგლია. მისივე თქმით, ინტერესი უფრო მეტად მაშინ გაიზრდება, როდესაც ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდება.

კვეტერას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მისი კომპლექსური რეაბილიტაცია 2015 წელს განხორციელდა.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ახმეტა / კვეტერა /