კულტურა
როდის დაიწყება კოტე აფხაზის ისტორიული სასახლის აღდგენა?
გურჯაანში, სოფელ კარდენახში საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი წარჩინებული გენერლისა და საზოგადო მოღვაწის კოტე აფხაზის სასახლე ფაქტობრივად მთლიანად დაშლილია და მხოლოდ საყრდენი კედელიღაა დარჩენილი.
ეს მოზრდილი, ორსართულიანი შენობა სარდაფით, პარადული შესასვლელითა და განიერი კიბეებით, რომელიც ადრე დიდი აივნით იყო გადახურული, ალაზნის ველს გადაჰყურებს. 1923 წელს, როდესაც კოტე აფხაზი საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყების მოწყობის გამო დახვრიტეს, სასახლე ოჯახს ჩამოართვეს, ხოლო 1948 წლიდან აქ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა თავშესაფარი ფუნქციონირებდა, რომელიც მოგვიანებით გაუქმდა.

„კახეთს რომ რკინიგზა ჰქონდა, ეს სწორედ კოტე-აფხაზის დამსახურებააო“- ამბობს კარდენახის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ეკა ბასილაშვილი. კოტე აფხაზი ივანე ჯავახიშვილთან ერთად აქტიურად იყო ჩართული პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებაშიც. 1917 წლიდან საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ 1921 წელს, ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ, როცა მის ოჯახს ემიგრაციაში წასვლა მოუხდა, კოტე აფხაზი თავის საგვარეულო სახლში დარჩა.

2007 წელს, როდესაც გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ შენობა კოტე აფხაზის შთამომავალს ნიკო აფხაზს მიაკუთვნა. 2014 წელს, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ კოტე ამ სახლს ძეგლის სტატუსიც მიანიჭა, თუმცა XYII-XYIII საუკუნის უნიკალური ნაგებობა ნელ-ნელა ინგრევა და რეაბილიტაცია ჯერაც არაა დაწყებული.

„როდემდე უნდა ელოდოს სახელმწიფო მეპატრონეს? ამასობაში სულ ჩამოიქცევა და მისგან აღარაფერი დარჩება. მართალია კერძო მფლობელი ჰყავს, მაგრამ თუ ის ვერ ახერხებს მოვლა-პატრონობას, ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.“ - ამბობს ისტორიკოსი ეკა ბასილაშვილი. მისი თქმით, შენობის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი იქნება ტურისტული თვალსაზრისითაც, რაც „წინ წამოწევდა მუნიციპალიტეტის და სოფლის ინტერესებსო“.

ქართული აგურით ნაშენები ეს ისტორიული სახლი დღეს თითქმის დანგრეულია. კედლების ნაწილი და სახურავი ჩამოშლილია, აღარ არსებობს ღია აივნები მის ფასადზე. რაც დანგრევას ნაწილობრივ გადაურჩა, ბუხრები და სახლის თაღოვანი ჭერია.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ სასახლის რეაბილიტაცია 2021 წელს უნდა დაიწყოს. მანამდე კი ჯერ შენობის გასუფთავებას გეგმავენ. „ფრაგმენტები გაიწმინდება წლების განმავლობაში წარმოქმნილი მიწაყრილისგან და ბიოსაფარისგან“ - ამბობს სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბექა ბარამიძე.

გასუფთავების შემდეგ სახლის ფრაგმენტების აზომვა უნდა დაიწყოს არქიტექტურული პროექტის მოსამზადებლად ბარამიძის თქმით, შენობის დასასუფთავებლად 50 000 ლარია გათვალისწინებული.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კი, როგორც ბარამიძე ამბოს, მესაკუთრესთან მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება გაფორმდება, რომელიც მას ძეგლის ფიზიკური იერსახის შენარჩუნების პასუხისმგებლობას დააკისრებს. როგორ შეასრულებს ვალდებულებას მფლობელი, ამას თავად კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო გააკონტროლებს.

ისტორიკოსი თამაზ მარკოზაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი ხელშეკრულება მფლობელთან სახლის გადაცემისთანავე უნდა გაფორმებულიყო, რადგან 2007 წელს, როცა სასამართლომ ნაგებობა ნიკო აფხაზს გადასცა, ის შედარებით კარგ მდგომარეობაში იყო.

„2014 წელს ძეგლის სტატუსი მიენიჭა გადარჩენის მიზნით, თუმცა მაშინ ნგრევის პროცესი უკვე შორს იყო წასული. ძეგლი ძალიან დაზიანებულია, მისი აღდგენა დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული,“ - ამბობს მარკოზაშვილი.








| Print |
FaceBook Twitter Google