კულტურა
გოგონა, რომელიც პეიზაჟებს ხატავს [Photos]
ხატვა ექვსი წლიდან დაიწყო და მისთვის სერიოზულ გატაცებად იქცა. უფრო ხშირად ღამით ხატავს, განსაკუთრებით კი პეიზაჟები იტაცებს. აკრილის საღებავით მუშაობს, ხშირად კი შერეულ მასალასაც იყენებს.
16 წლის მარიამ დოიაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ცხოვრობს. ამბობს, რომ მისთვის ხატვა ყველაფერია, რადგანაც ნახატებში აქსოვს თავის განწყობასა და ემოციებს.

-„ხატვა მამშვიდებს, ის ჩემთვის ყველაფერია. სწორედ ნახატებში გადამაქვს მთელი ჩემი გრძნობები და მას ფერებით გამოვხატავ. მათი საშუალებით ვქმნი ჩემს სამყაროს. ნახატზე ხან ერთი კვირა ვმუშაობ, ხან უფრო მეტიც, განწყობას გააჩნია. ხანდახან ნახატებს კონკრეტული ადამიანებისთვის ვქმნი და მათ ვჩუქნი კიდეც, ამიტომ ჩემი ნამუშევარი გასაჩუქებლად არ მენანება,“-ამბობს მარიამი.

იმ ძველ ნივთებს, რომლებიც უკვე საჭირო აღარ არის, ახალ სიცოცხლეს ჩუქნის და მათგან მცირე სკულპტურებს ქმნის. სახლში თავისი ხელით მოხატა კედელი და კარი.

განსაკუთრებით მოსწონს ვინსენტ ვან გოგისა და ფრიდა კალოს ნამუშევრები, „ზოგადად ბევრი მხატვრის ნამუშევრები მომწონს, მაგრამ მათი განსაკუთრებით. ამ მხატვრებს რთული და ტკივილით სავსე ცხოვრება ჰქონდათ, თუმცა გამორჩეული“.

მარიამი სკოლაში საუკეთესო მოსწავლედ ითვლება. ის მომავალ წელს აბიტურიენტია და პროფესიაც უკვე არჩეული აქვს, ეკონომიკის განხრით ჩააბარებს, თუმცა მისი სურვილია, ინტერიერის დიზაინი შეისწავლოს.

ხატვა თავისი მიზნების განხორციელებაში ხელს არ შეუშლის და ფუნჯით საკუთარი ემოციების გადმოცემას ისევ გააგრძელებს.













| Print |
FaceBook Twitter Google