კულტურა
კარდენახში სასტუმრო ამპელო ღვინის ფესტივალს მასპინძლობს [Photo]
გურჯაანის მუნიციპლიტეტის ერთ-ერთ გამორჩეულ სოფელ კარდენახში, ამ წუთებში ღვინის ფესტივალი მიმდინარეობს, რომელსაც უამრავი ქართველი თუ უცხოელი სტუმარი ესწრება.


დღეს აქ თავიანთი პროდუქცია წარადგინეს არამარტო ღვინის მწარმოებლებმა, არამედ, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა: მხატვრებმა, ხის ოსტატებმა, ჩირის მწარმოებლებმა და სხვ.

წნულის ოსტატი, ოთარ ქოსაშვილი, რომელიც ფესტივალზე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომიდან ჩამოვიდა, ამბობს, რომ კარგი იქნება თუ ამ ჩაკეტილი ცხოვრების ფონზე მსგავსი ღონისძიებები მაინც გაიმართება.

„ჩვენ ვართ ქოსაშვილები, ეს ყველაფერი ჩვენს საწარმოში იწარმოება უკვე 25 წელია და ნელ-ნელა ვვითარდებით.
აქ სასტუმრო ამპელოში რაც კი ამ მასალით არის დამზადებული, ჩვენი ნამუშევარია.
ძირითადად ავეჯს ვაკეთებთ მდინარის ტირიფით, რომელსაც დამუშავება სჭირდება, რომ სრულყოფილი სახე მიეცეს. პრეტენზია გვაქვს, რომ თუ რამე შეიძლება მსოფლიოში ამ მასალით გაკეთდეს, ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია.

საქართველოში პოპულარულია ამ მასალით დამზადებული ნივთები, მაგრამ ბაზარია პატარა. ჩვენს სოფელში თითქმის ყველას შევასწავლეთ ეს ხელობა. დღეს ორმოცამდე ოსტატი ამ საქმით არის დაკავებული და შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა. ჩვენ ვართ ტრადიციული რეწვის ასოციაციის წევრები, სხვადასხვა გამოფენებზე ვიღებთ მონაწილეობას და ვეწევით იმ საქმიანობის პოპულარიზაციას, რომელიც ტრადიციულია.“

Speqtri.ge ღონისძიების მასპინძელს, მამუკა მახოშვილს ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სურვილი აქვთ, რომ ფესტივალმა მომავალში ტრადიციული ხასიათი მიიღოს.

„კარდენახი მეღვინეობის ერთ-ერთი მთავარი სოფელია. ეს სოფელი გამორჩეულია იმით, რომ აქ არის 3 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო. ეს არის - ახოები, წარაფი და ღვინო კარდენახი. გადავწყვიტეთ, რომ მეტი ცნობადობისთვის ასეთი ღონისძიება გაგვეკეთებინა. იმედია, მომავალში უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს ეს ფესტივალი, რომელსაც ჩვენ უფრო ერთმანეთის გაცნობა დავარქვით.

ვინაიდან პანდემიაა, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ღონისძიება შეძლებისდაგვარად მოკრძალებულად მიმდინარეობს, თუმცა, გვახარებს დაინტერესებულთა და ვიზიტორთა სტუმრობა და რაოდენობა. ვფიქრობთ მომავალში ტრადიციული გავხადოთ ფესტივალი და რთველი რომ ჩამთავრდება, საქმეც ცოტა მიილევა, ღვინობისთვეში მოვუწყოთ ერთმანეთს ასეთი დღესასწაული ურთიერთობისთვის, მეგობრობისთვის, ახალ ჯიშებზე, ტექნოლოგიებსა და პრობლემებზე საუბრებისთვის.“ - გვითხრა „კარდენახი 1888“-ის და სასტუმრო „ამპელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა მახოშვილმა.

მისივე თქმით, ღონისძიებაზე დღეს იმყოფებოდნენ უცხოელი სტუმრებიც, ღვინის მცოდნეები, სომელიეები, მაჟორიტარი დეპუტატი, დავით სონღულაშვილი და სხვა დაინტერეებული პირები.

































| Print |
FaceBook Twitter Google