კულტურა
გურჯაანში უძველესი სამარხი აღმოაჩინეს
რამდენიმე დღის წინ, სოფელ გურჯაანში, ქვემო წითელ უბანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დროს, ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს.

მერიის კულტურის სამსახურის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის განმარტებით, ძვ. წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დასაწყისის სამარხი დაახლოებით 70 სმ სიღრმეზე იყო, სადაც ბრინჯაოს სატევარი, 15-მდე თიხის სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჭურჭელი და ბრინჯაოს ნემსი იყო დამარხული.

„დაგვიკავშირდა სამუშაოთა მწარმოებელი, რომ ქვემო წითელ უბანში მიწის სამუშაოების დროს აღმოჩენილი იქნა რამოდენიმე ნივთი. ჩამოვიდნენ არქეოლოგები და შეისწავლეს სამარხი. აღმოჩნდა ადამიანის ძვლები, 15 თიხის ჭურჭელი, რომელიც მიცვალებულს გარშემო ჰქონდა შემოწყობილი, ასევე ბრინჯაოს სატევარი და ბრინჯაოს ნემსი. იშვიათია ერთ სამარხში ამდენი ნივთი რომ იყოს. ეტყობა შეძლებული ადამიანი იყო დაკრძალული. როგორც ამბობენ სახლების მშენებლობის დროს ხშირი იყო სამარხების აღმოჩენა. ამოდიოდა ბრინჯაოს ნივთები, მაგრამ მოსახლეობა ან ყრიდა, ან ჯართში აბარებდა. ასევე ირკვევა რომ ტერიტორიაზე მოსახლეობა სამიათასი წლის წინ დასახლებულა და ეს სამარხიც თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დასაწყისით. ამით არის ძალიან მნიშვნელოვანი. თხრილს რომ გავყევით აღმოვაჩინეთ ნახშირის კულტურული ფენები, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად სხვა სამარხებიც იქნება. აქ აშკარად ყოფილა დიდი სამაროვანი სასაფლაო, რომელზეც დგას ეხლა სახლები. ეს ყველაფერი იმით არის კიდევ მნიშვნელოვანი, რომ აქამდე ქალაქის ტერიტორიაზე ბრინჯაოს ხანის სამარხი არ აღმოჩენილა. “

მისივე თქმით, მასალები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, სააგენტოს რეგიონალური ინსპექციის და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა თბილისში გადაიტანეს, სადაც მათი რეაბილიტაცია და დაბრუნება მოხდება. ამის შემდეგ კი ისინი, გურჯაანის ერთ-ერთ მუზეუმში განთავსდება.

| Print |
FaceBook Twitter Google