კულტურა
გურჯაანში ღვინის ფესტივალი ჩატარდა
გურჯაანში ღვინის ფესტივალი ჩატარდა, რომელსაც უამრავი ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი სტუმრობდა. ღონისძიება ტრადიციულად ახტალის პარკში გაიმართა.

საფესტივალო პროგრამა თეატრალიზირებული მსვლელობით 14:00 საათზე დაიწყო. ახტალის პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის სივრცეები იყო მოწყობილი ყველა ასაკის დ გემოვნების სტუმრისთვის. გაიმართა ქართული ღვინოებისა და ადგილობრივი წარმოების, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ღვინისა და კახური ტკბილეულის დეგუსტაცია, ჩურჩხელების ამოვლების, ასევე თონეში კახური პურისა და ნაზუქების ცხობის მასტერკლასები. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ტრადიციული კერძები და კახური მწვადი. ახტალის პარკში მოწყობილი იყო ფოტოზონები.

ბავშვებისთვის გათვალისწინებული იყო საბავშვო ზონა, სხვადასხვა გასართობი ატრაქციონებით. აქვე გაიმართა კონცერტი ნორჩი შემსრულებლების მონაწილეობით, რომელშიც მონაწილეობდნენ „ბავშვთა კვარტეტი“ და „Leko’s Studio”

დღეს მუსიკალურ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „გურჯაანი“, თინათინ ბასოშვილი, ტატო გოდერძიშვილი, ლევან ყანდიაშვილი, ფოლკლორული ანსამბლები „გურჯაანი“ და „ხარება“, ნათია ქოროღლიშვილი, „ქართული ხმები“, ბენდი „Non Stop“, DJ, ნოდარიკო ხუციშვილი, სანდრო ნიკოლაძის ჯემსესია და შერეკილები.

22:00 საათზე საღამო დასრულდა Bedford Falls-ის კონცერტით.

ცნობისთვის წელს ღვინის ფესტივალზე 337 მეწარმე იყო რეგისტრირებული და 30 000-სზე მეტ სტუმარს ელოდნენ.

ღვინის ფესტივალი 2023-ის ორგანიზებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 188 000 ლარი დაიხარჯა.
| Print |
FaceBook Twitter Google