სპორტი
კარდენახელმა მოკრივემ მინსკში გამართულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი აიღო
ქალაქ მინსკში გამართულ ჭაბუკ მოკრივეთა საერთაშორისო ტურნირზე, კარდენახელმა ოთარ ჩახვაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.


ოთარი მამა ილიას მიერ დაარსებულ წმინდა გიორგის სახელობის ვეჯინის კრივის ჯგუფში ვარჯიშობს. მწვრთნელის ოთარ მამულაშვილის თქმით, შეჯიბრი 22 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობდა. გუნდი კახეთიდან ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გრემელაშვილმა წაიყვანა.
„კახეთიდან სამი მოკრივე იყო ორი თელაველი და ერთი გურჯაანელი ოთარ ჩახვაშვილი. დიდი ძალისხმევის შედეგად გავედით ფინალში. ავიღეთ მეორე ადგილი, მაგრამ ძალიან კმაყოფილები ვართ , რადგან შეჯიბრი იყო უძლიერეს მოკრივეებს შორის. პირველი ბრძოლა ჩაატარა ყაზახთან, რომელიც დამაჯერებლად მოიგო, მეორე ბელორუსთან , მესამე უკრაინელთან რომელიც პირველი ნომერია თავის ქვეყანაში. ბოლოს ისევ, გამოცდილ და ძლიერ ბელარუს მოკრივეს შეხვდა. სწორედ მასთან დავთმეთ ბრძოლა ჩემპიონობისთვის. ოთოს ჰქონდა პატარა შეცდომები, რადგან გამოუცდელია. ფინანსური მხარდაჭერა მერიამ გაგვიწია, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.“

მისივე თქმით, ოთარ ჩახვაშვილი მომავალში საქართველოს პირველობაზე აპირებს წასვლას.
„ოთარი ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრების წევრია. მწვრთნელი ბექა ლობჟანიძე დიდ იმედებს ამყარებს მასზე. მარტის შუა რიცხვებში საქართველოს პირველობა გაიმართება, სადაც დიდი იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ. ნოემბერში ევროპის პირველობაა და ოთარი იქაც თავის სიტყვას იტყვის.“

როგორც ოთარ მამულაშვილმა გვითხრა, ოთარ ჩახვაშვილი დაახლოებით ექვსი წელიწადია, რაც ვეჯინის კრივის ჯგუფში ვარჯიშობს და ამ ხნის განმავლობაში მისთვის ეს მეორე დიდი შეჯიბრია.
| Print |
FaceBook Twitter Google