სპორტი
გურჯაანელმა სპორტსმენებმა Iron Eurasia 2018 -ზე პირველი ადგილი დაიკავეს
თბილისში გამართულ ძალისმიერ სამჭიდში, ჩემპიონატზე: "Iron Eurasia 2018“ გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან ოთხი სპორტსმენი მონაწილეობდა.
სხვადასხვა წონით კატეგორიაში პირველი ადგილები დაიკავეს ველისციხელმა გიორგი ბეროშვილმა, კარდენახელმა სპარტაკ დოლენჯაშვილმა და ძირკოკელმა თემურ სონღულაშვილმა.

-„125 კგ. წონით კატეგორიაში ვმონაწილეობდი 240 კგ. ავწიე და პირველი ადგილი დავიკავე წოლჟიმში. ეს ჩემი საუკეთესო შედეგი არ არის, ჯერ კურსს გავდივარ. ჩემი ორი მოსწავლეც ასპარეზობდა გურჯაანის რაიონიდან, თემური სონღულაშვილი 90 კგ. წონით კატეგორიაში და ბექა მელიქაძე 82 კგ. წონით კატეგორიაში. თემურმა პირველი ადგილი დაიკავა, ბექას ტრავმა აქვს მიღებული და სამწუხაროდ, შედეგი ვერ დადო,“-გვითხრა გიორგი ბეროშვილმა.

კარდენახელმა სპარტაკ დოლენჯაშვილმა 180 კგ დაძლია.

„ორი წელია შეჯიბრზე აღარ გამოვსულვარ, ჩემი მონაწილეობა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ სპორტს დავბრუნებოდი. სხვა ქვეყანაში გამართულ რომელიმე ჩემპიონატზე გასვლის ლიცენზია ისევ რომ მომეპოვებინა, სამეულში უნდა მოვხვედრილიყავი. გამიმართლა და პირველ ადგილზე გავედი, 110 კგ. წონით კატეგორიაში ვმონაწილეობდი და 180 კგ. ავწიე.“

გიორგი ბეროშვილს მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩემპიონის ტიტული რამდენჯერმე აქვს მოპოვებული. სპარტაკ დოლენჯაშვილი კი 2014 და 2015 წელს  ევროპის ჩემპიონი გახდა.
| Print |
FaceBook Twitter Google