სპორტი
მსოფლიო რბენაში ალექსანდრე ჩებურკინმა და ნინა ზარინამ გაიმარჯვეს
გლობალურ საქველმოქმედო მარათონში „Wings for Life 2018“, გამარჯვებულები ალექსანდრე ჩებურკინი , ნინა ზარინა და ეტლით მორბენალთა შორის: ირმა ზვერიაშვილი და მერაბ დუკაშვილი გახდნენ.


ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში, საქართველოში მეხუთედ გაიმართა. წელს კახეთში სარბენად 7 000 მონაწილე დარეგისტრირდა.

მსოფლიო რბენაში მონაწილეობა მიიღო კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მოადგილეებთან ერთად. ასევე ოლიმპიურმა ჩემპიონებმა ლაშა ტალახაძემ და გიორგი ასანიძემ, ოლიმპიურმა პრიზიორმა ირაკლი თურმანიძემ, ევროპის ჩემპიონმა შოთა მიშველიძემ, პარასპორტსმენმა და მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩმა ირმა ხეცურიანმა, პარასპორტსმენმა ნინა თიბილაშვილმა. „ფინიშ მანქანის“ საჭესთან იყო ქართველი ავტომრბოლელი დათა ქაჯაია.

მარათონი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა და მისი ორგანიზატორი კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყო. ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება „Wings for Life“-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.

.
| Print |
FaceBook Twitter Google