სპორტი
ელენე პეტრუზაშვილი ჭადრაკში კახეთის ჩემპიონი გახდა
ყვარელში „ილიას ტბაზე“ ჩატარდა სასკოლო ფესტივალი - „სპორტი ბარიერების გარეშე“.


გურჯაანის მეორე საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგის გია ზარდიაშვილის თქმით, შეჯიბრი გაიმართა ექვს სახეობაში: ფეხბურთში, ჭადრაკში, ფრენბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და 60 მეტრზე რბენაში.
„შეჯიბრში კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი. თავდაპირველად, ყველა რაიონში შიდა შეჯიბრი ჩატარდა და შემდეგ გამარჯვებულებმა ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა. გურჯაანის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე, ელენე პეტრუზაშვილმა ჭადრაკში პირველი ადგილი დაიკავა და კახეთის ჩემპიონი გახდა. ჩვენივე სკოლის მინი ფეხბურთის გუნდი მეორე ადგილზე გავიდა. ასევე, მეორე ადგილები აიღეს მაგიდის ჩოგბურთში მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე თემურ ხარაზიშვილმა და ჩუმლაყის საჯარო სკოლის მოსწავლე ტასიკო ბერულაშვილმა.“

მისივე თქმით, საპრიზო ადგილების მფლობელები მანავის საზაფხულო ბანაკში გაემგზავრებიან და მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პირველობაზე.

| Print |
FaceBook Twitter Google