სპორტი
ალექსანდრე წანაწყენიშვილი ჭადრაკში „შავი ზღვის დელფინის“ გამარჯვებული გახდა
ბათუმში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე „შავი ზღვის დელფინი“, გურჯაანის საჭადრაკო სკოლის მოსწავლე 14 წლის ალექსანდრე წანაწყენიშვილი პირველი ადგილის მფლობელი გახდა.



კლუბის მენეჯერის, გიორგი ქიტესაშვილის თქმით, ჭადრაკის კლუბიდან სულ ორი მოსწავლე იყო წასული.
„14-21 აგვისტოს მიმდინარეობდა ბათუმის საერთაშორისო ტურნირი ჭადრაკში „შავი ზღვის დელფინი“, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ რამდენიმე ასაკობრივ ჯგუფში. ჩვენიდან წასულები იყვნენ ტყუპი ძმები: ალექსანდრე და გიორგი წანაწყენიშვილები. ტურნირი ჩატარდა შვიდ ტურად შვეიცარული სისტემით და მაღალი შედეგით, ექვსნახევარი ქულით 14-წლიანებში პირველი ადგილი ალექსანდრე წანაწყენიშვილმა დაიკავა. ეს იყო დიდი წარმატება. მან აიმაღლა კვალიფიკაცია და120 პუნქტით მოიმატა რეიტინგი. მომავალში ვეცდებით, უფრო მაღალი შედეგი ვაჩვენოთ ნონა გაფრინდაშვილის თასზე, რომელიც სექტემბერში თბილისში გაიმართება. მეორე ტყუპისცალმა ცოტა დაბალი ქულები აიღო და მეოთხე ადგილზე გავიდა.“


როგორც ალექსანდრე წანაწყენიშვილი ამბობს, ძლიერი მოწინააღმდეგეები ჰყავდა და თამაშიც დაძაბულ სიტუაციაში მიმდინარეობდა.
„ბათუმში ჭადრაკის ტურნირზე შვიდი ქულიდან ექვსნახევარი ავიღე. ჩემი მოწინააღმდეგეები არ იყვნენ სუსტები, გამიჭირდა მათთან თამაში, თუმცა გავიმარჯვე და გავხდი ტურნირის გამარჯვებული. აქედან შემართებით წავედი და გამარჯვების იმედი 50%-ით მქონდა. მომავალში ვაპირებ შედეგები უფრო გავაუმჯობესო. “

გამარჯვებულს გადაეცა თასით, მედალი, დიპლომი და ფულადი ჯილდო -250 ლარი.
შეგახსენებთ, რომ ძმებმა წანაწყენიშვილებმა ჩემპიონის ტიტული ივნისშიც მოიპოვეს, როდესაც თბილისში ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.

| Print |
FaceBook Twitter Google