სპორტი
მამა ილიას ინიციატივით, ვეჯინში ტრენაჟორების დარბაზი გაიხსნა
სოფელ ვეჯინში წმინდა გიორგის სახელობის კრივის კლუბში, ტრენაჟორების ახალი დარბაზი გაიხსნა.

სამების ტაძრის წინამძღვრის, მამა ილია ჭოველიძის თქმით, დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით და მერიის დახმარებით ჩატარდა.
„დიდი მადლობა მათ, ვინც მიიღო ამ საქმეში მონაწილეობა. უპირველეს ყოვლისა, ბატონ დავით სონღულაშვილს, რომ გულთან ახლოს მიიტანა ახალგაზრდების სურვილი და ასეთი მშვენიერი დარბაზი გამოგვივიდა. ჩვენ უნდა ვიდგეთ ერთად და უნდა ვაკეთოთ ერთი საქმე ქვეყნისა და მომავლისათვის, მთავრობამ თავისი და ეკლესიამ თავისი მიმართულებით, მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთმანეთის. ეს არის მთავარი. ეს ტრენაჟორები აუცილებელია მათთვის, ვინც აქ ვარჯიშობს.“

როგორც მამა ილია ამბობს, ის სპორტსმენები, რომლებიც გურჯაანის სახელით ასპარეზობენ, უფასოდ ივარჯიშებენ, დანარჩენებისთვის კი გადასახადი თვეში 30 ლარი იქნება.

მერის მოადგილის ლელა თევდორაშვილის თქმით, ასეთი დარბაზი ყველა სოფელში უნდა ფუნქციონირებდეს.
„მიხარია, რომ ვეჯინს ტრენაჟორების ახალი დარბაზი აქვს და სოფლის ახალგაზრდობაში ჯანსაღი ცხოვრების წესია დამკვიდრებული. ვისურვებდი ყველა სოფელს ჰქონდეს ასეთი დარბაზი და სპორტული კომპლექსი, რომ საქართველოს ჯანსაღი თაობა ჰყავდეს.“

შეგახსენებთ, რომ რომ სოფელ ვეჯინში მამა ილია ჭოველიძის ხელმძღვანელობით კრივის დარბაზმა ფუნქციონირება 2011 წელს დაიწყო.

| Print |
FaceBook Twitter Google