სპორტი
„ ჩვენ გვაბრკოლებს გარემო და არა სტატუსი“- ჭადრაკის ტურნირი გურჯაანში
გურჯაანის საჭადრაკო სკოლაში ტურნირი გაიმართა სლოგანით „ ჩვენ გვაბრკოლებს გარემო და არა სტატუსი“, რომელშიც შშმ პირთა დღის ცენტრის ბენეფიციარები, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შშმ პირთა დღის ცენტრის დირექტორის, გულიკო როსტოშვილის თქმით, ტურნირი ევროკავშირის საგრანტო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

„პროგრამის ფარგლებში უნდა მოგვეხდინა ადვოკატირება მერიასთან. შშმ პირები დათრგუნულები არიან, რადგან ვერ ერთვებიან ყველა სპორტულ ღონისძიებაში. ჩვენ გვაქვს სლოგანი, სტატუსი, მაგრამ არ გვაქვს გარემო. დღეს, მაგალითად, ეტლით მოსარგებლეები ვერ დაესწრნენ ღინისძიებას, რადგან არ იყო მათთვის ადაპტირებული გარემო. ამიტომ უნდა შეიქმნას პირობები, რომ ყველა ბენეფიციარმა შეძლოს თავისი უნარის წარმოჩენა. ეს არის ჩვენი პროექტის მიზანი. “

ჭადრაკის სკოლის პედაგოგის, გია ზარდიაშვილის განმარტებით, ტურნირი წრიული სისტემით ჩატარდა.

„დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ლაიფლაინის, საკრებულოს და მერიის გუნდებმა. თითოეულ გუნდში იყო ხუთი მონაწილე. პირველ ადგილზე გავიდა მერიის გუნდი, მეორეზე ლაიფლაინის, ხოლო მესამეზე საკრებულოს გუნდი. იყო საინტერესო ტურნირი უშეღავათო ბრძოლებით.“

გამარჯვებულები შესაბამისი მედლებით დაჯილდოვდნენ.




| Print |
FaceBook Twitter Google