სპორტი
გურჯაანელმა მოცურავეებმა კახეთის ღია პირველობაზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს
გურჯაანის სპორკომპლექსში კახეთის ღია პირველობა გაიმართა კადეტთა შორის. როგორც კახეთის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა გურამ მამუკაშვილმა speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ტურნირში გურჯაანის გარდა, თბილისისა და რუსთავის თითქმის ყველა სპორტული სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ. გურჯაანელმა მოცურავეებმა წარმატებით იასპარეზეს და გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.

მწვრთნელი, გიორგი ჯეჯელავა ამბობს, რომ შედეგით კმაყოფილია.

„ტურნირი ჩატარდა 2009-2010 წელში დაბადებულ ვაჟებსა და 2010-2011 წელში დაბადებულ გოგონათა შორის. გოგონებმა მოიგეს 4×50 კომბინირებული ესტაფეტა და ოქროს მედლები მოიპოვეს. გარდა ამისა, მარიამ გოგიაშვილმა ინდივიდუალურში ორი ოქროს მედალი აიღო - 50 მეტრა თავისუფალ სტილზე და 100 მეტრა გულაღმა ცურვაში. ინდივიდუალურ შეჯიბრში მესამე ადგილზე გავიდნენ: ნინო ზარდიაშვილი 50 მეტრ კროლზე, მარიამ პაპუნაშვილი 100 მეტრა ზურგზე ცურვაში და მარიამ გეთიაშვილი 100 მეტრა თავისუფალი სტილით ცურვაში. შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო შედეგი აჩვენეს. მე, როგორც მწვრთნელი, კმაყოფილი ვარ. “

როგორც გიორგი ჯეჯელავა speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, დეკემბრის თვეში თბილისში იგეგმება საქართველოს ღია პირველობა ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, სადაც სავარაუდოდ გურჯაანელი მოცურავეებიც მიიღებენ მონაწილეობას.

„ამ ტურნირში თანრიგოსანი მოცურავეები მონაწილეობენ. შესაძლოა, ჩვენმა მოცურავეებმა საპრიზო ადგილები ვერ დაიკავონ, მაგრამ ამ ტურნირში მონაწილეობა მაინც მნიშვნელოვანია, რადგან გამოცდილებას მიიღებენ, როდესაც წარმატებულ მოცურავეებს შეეჯიბრებიან.“ - ამბობს გიორგი ჯეჯელავა.




| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ცურვა /