სპორტი
გურჯაანელმა მოჭადრაკეებმა რესპუბლიკურ ტურნირზე სამი მედალი აიღეს
თელავის სპორტის სასახლეში გაიმართა ბავშვთა რესპუბლიკური ტურნირი სწრაფ ჭადრაკში. ტურნირი „თელავის თასი“ განსაზღვრული იყო 10, 12 და 14 წლის ასაკობრივი კატეგორიების სპორტსმენებისთვის. შეჯიბრში 71 მოჭადრაკე მონაწილეობდა კახეთის რვავე მუნიციპალიტეტიდან, ასევე ქარელიდან და გორიდან.

როგორც ჭადრაკის კახეთის ფედერაციის და გურჯაანის ჭადრაკის კლუბის პრეზიდენტმა გიორგი ქიტესაშვილმა speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნა, გურჯაანელმა მოჭადრაკეებმა სამი საპრიზო ადგილის დაკავება შეძლეს.

„14-წლიანებში ვაჟებს შორის მეორე ადგილი აიღო ლონდრიშვილმა დიმიტრიმ, რომელსაც ჰქონდა 7 მოგება და ერთი ყაიმი. ეს საკმაოდ მაღალი შედეგი იყო. ამავე კატეგორიაში, 6,5 ქულა მოაგროვა ოსოშვილმა ნიკამ, რომელმაც საპატიო მესამე ადგილი დაიკავა. 10 წლიანებში გოგონებს შორის ასევე მესამე ადგილი აიღო დათუაშვილმა მარიამმა, თუმცა, შეიძლებოდა უკეთესი შედეგიც ეჩვენებინა,“ - ამბობს გიორგი ქიტესაშვილი.

გამარჯვებულები ფულადი პრიზებით, თასებით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ტურნირი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ააიპ თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება "თელავი"-ს ორგანიზებით ჩატარდა.

რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, გიორგი ქიტესაშვილის თქმით, 4-5 ნოემბერს გურჯაანში ჩატარდება აწ გარდაცვლილი გია ზარდიაშვილის სახელობის ტურნირი, სადაც სპორტსმენები სხვადასხვა ქალაქიდან იქნებიან მოწვეული.

„გია ზარდიაშვილი იყო ჩვენი ჭადრაკის მასწავლებელი, 35 წელი მუშაობდა ჩვენთან და არაერთი წარმატებული სპორტსმენი გაზარდა. ამიტომ დავაწესეთ მისი სახელობის ტურნირი, რომელიც 4-5 ნოემბერს გაიმართება გურჯაანში. მასში მონაწილეობას მიიღებენ კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის სპორტსმენები, ასევე მოვიწვიეთ მოჭადრაკეები თბილისიდან და გორიდან.“ - ამბობს გიორგი ქიტესაშვილი.



| Print |
FaceBook Twitter Google