სპორტი
ჭადრაკის კახეთის ფედერაციის პრეზიდენტად კვლავ გიორგი ქიტესაშვილი აირჩიეს
ჭადრაკის კახეთის ფედერაციის პრეზიდენტად გიორგი ქიტესაშვილი მეორე ვადით აირჩიეს. აღნიშნულ პოზიციაზე პრეტენზიას კიდევ ერთი კანდიდატი აცხადებდა, ზურაბ თეიმურაზიშვილი, თუმცა, მას 12 წევრიდან მხოლოდ ერთმა დაუჭირა მხარი.

„სულ ორი კანდიდატი ვიყავით და 11 ერთის წინააღმდეგ, ასეთი პროპორციით მეორე ვადით ამირჩიეს კახეთის ფედერაციის პრეზიდენტად, 4 წლით. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა.“ - გვეუბნება გიორგი ქიტესაშვილი (რომელიც ამავე დროს არის გურჯაანის ჭადრაკის კლუბის პრეზიდენტიც) და პრეზიდენტობის მანძილზე მიღწეულ შედეგებზე გვესაუბრება.

მისი თქმით, კახეთში ჭადრაკი ბევრ მუნიციპალიტეტში არ ისწავლებოდა, ამჟამად კი კლუბები გაიხსნა ახმეტასა და ყვარელში.

„ახმეტაში ჭადრაკი საერთოდ არ ისწავლებოდა და დავნიშნეთ მასწავლებელი, ბესო ხოხობაშვილი. მათ ამავე დროს საჩუქრად გადავეცით სადემონსტრაციო დაფა, რაც სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია კლუბისთვის. ასევე არ იყო ყვარელშიც. იქ მასწავლებლად დავნიშნეთ ჩემი ნამოწაფარი ნინო ოტიაშვილი. ჭადრაკის კლუბი გავხსენით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანშიც, რომელიც რაიონული ცენტრიდან მოშორებული სოფელია და მშობლების მოთხოვნა იყო, რომ იქაც გახსნილიყო ჯგუფი. აქ უკვე 30-მდე ბავშვია და საკმაოდ აქტიურად მეცადინეობს. ასწავლიან ჩვენი საუკეთესო მწვრთნელები აკაკი ზარდიაშვილი და ვანო მინდორაშვილი.“



როგორც გიორგი ქიტესაშვილი გვეუბნება, სურვილი აქვს, რომ ჭადრაკის კლუბი გაიხსნას ასევე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში.

„ძალიან დიდი ინტერესი მაქვს, რომ ჭადრაკის კლუბი გავხსნათ სოფელ დუისშიც. ამ სოფელში მოეწყო პრეზენტაცია ფილმისა : „ოთხი დედოფალი,“ რომელიც გადაღებული იყო, ნონა გაფრინდაშვილზე, მაია ჩიბურდანიძეზე, ნანა იოსელიანსა და ნანა ალექსანდრიაზე. მეც ვესწრებოდი ამ ფილმის პრეზენტაციას. ფილმში 4 ქისტი ქალი საუბრობდა, რომ მათ დაარქვეს ნონა. მშობლებს სურვილი ჰქონდათ, მათთვის ჭადრაკი ესწავლებინათ, მაგრამ რადგან დუისში არ იყო ჭადრაკის მასწავლებელი, ვერავინ ასწავლათ.
აქედან გამიჩნდა იდეა და სურვილი, რომ დუისში გავხსნათ ჭადრაკის კლუბი. პრზენტაციას ესწრებოდა ნონა გაფრინდაშვილიც და ეს იდეა ძალიან მოეწონა. მას დავპირდი, რომ როგორც კახეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, ამ საკითხს მივხედავდი. შეხვედრა უკვე მქონდა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერთან. ვნახოთ, როგორ გადაწყდება ეს საკითხი,“ - გვეუბნება გიორგი ქიტესაშვილი.

მისივე თქმით, ჭადრაკის კლუბებში სწავლა უფასოა. მოსწავლეები მიიღებიან 6 წლის ასაკიდან. როგორც გიორგი ქიტესაშვილი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში მოსწავლეების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

| Print |
FaceBook Twitter Google