სპექტრი+
რა აფერხებს ბავშვის სიმაღლეში ზრდას
მოზარდმა რომ სიმაღლეში მოიმატოს, პირველ რიგში ძალიან დიდი მნიშვნელობა კვებას და აქვს ძილის რეჟიმს. ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს, რომ სიმაღლეში ინტენსიური ზრდა სწორედ ღამით, ძილის დროს მიმდინარეობს. ფიზიკური დატვირთვისა და აქტიურობის გარეშე ყველაზე დაბალანსებული და რაციონალური კვებაც კი ვერ გაზრდის ადამიანს. ეს არაერთი დაკვირვებითა თუ ფაქტითაა დადასტურებული. ფიზიკური აქტიურობა და სპორტი ასაკობრივი ნორმების ფარგლებში რაციონალური დატვირთვით ხელს უწყობს ძვლების ზრდასა და გამაგრებას. ცურვის დროს სხეულის ყველა კუნთი მეტ-ნაკლებად გააქტიურებულია, იჭიმება და განიტვირთება ხერხემალი. მოზარდი აუცილებლად უნდა მოერიდოს ალკოჰოლსა და თამბაქოს; ტკბილ გაზიან სასმელებს, რადგან ისინი შეიცავენ ორგანიზმისთვის მავნებელ ნატრიუმის გლუკონატს; ჩიპსებს, ორცხობილებსა და საღებავების შემცველ სხვადასხვა სასუსნავს, რომლებიც აუარესებს ღვიძლის მუშაობას და ხელს უშლის მობილიზებაში ორგანიზმის სხვა სისტემებს. რაც შეეხება კვებას, რაციონში უნდა შედიოდეს ასაკობრივი ნორმის შესაბამისი რაოდენობის ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები და ვიტამინები. ბავშვი და მოზარდი დღეში აუცილებლად 3-4-ჯერ უნდა იკვებებოდეს. საკვები რაციონი მდიდარი უნდა იყოს უმი ხილითა და ბოსტნეულით. სიმაღლეში ზრდისათვის ამ უკანასკნელის ოდენობა დღეში დაახლოებით 1,5 კგ-ს უნდა შეადგენდეს. ზრდის კარგი სტიმულატორია მარცვლეული. სასარგებლოა რუხი და ქატოს პური, ფაფები, კერძოდ – შვრიისა, ბრინჯისა, ხორბლისა (და არა მანანის). ორგანიზმისთვის აუცილებელია კალციუმი. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, კალციუმი ძვლებში ე. წ. ცილოვან მატრიცაზე ლაგდება. იმისთვის, რომ ეს უკანასკნელი სრულფასოვანი იყოს, ბავშვისა და მოზარდის ორგანიზმმა რეგულარულად უნდა მიიღოს ხორცი, თევზი, ხიზილალა. ბავშვებისა და მოზარდების კვების რაციონში ყოველდღიურად უნდა შედიოდეს კალციუმით მდიდარი საკვები – ხაჭო, ყველი, რძე. რაც შეეხება ცხიმის უხვად შემცველ და ტკბილ საკვებს, მისი ჭარბი მიღება აფერხებს სომატოტროპინის (ზრდის ჰორმონის) გამომუშავებას და სიმაღლეში ზრდას. რაციონალური კვებით შესაძლებელია, სიმაღლის 10%-ით მატებას რეალურად და საკმაოდ სწრაფად მივაღწიოთ.
| Print |
FaceBook Twitter Google