სპექტრი+
სირბილი ორგანიზმის დაბერებას აფერხებს
ჯანსაღი წესით მცხოვრებნი უფრო გვიან ბერდებიან. გარკვეული სახის ფიზიკური ვარჯიში: სირბილი, ცურვა, ველორბოლა და სხვა, არა მხოლოდ აფერხებს დაბერების პროცესს, არამედ ხელს უშლის ბევრი დაავადების (სისხლძარღვთა ათეროსკლეროზის, შაქრიანი დიაბეტი ტიპი ორის და ა. შ.) აღმოცენებას. საინტერესო შედეგებია მიღებული სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ. ისინი 21 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 50 წელს გადაცილებულ 500 მოხალისეს. კონკრეტულად შეისწავლიდნენ ცურვისა და სირბილის გავლენას ადამიანთა ჯანმრთელობაზე. მოხალისეთაგან 284 პირი სირბილით ვარჯიშობდა. მათ დანარჩენებისგან განსხვავებით სიბერის ბევრი ნიშანი არ აღენიშნებოდათ. გარდა ამისა, ნაადრევი სიკვდილის შემთხვევაც მათ შორის არ დაფიქსირებულა. სირბილით ვარჯიშის დასრულების (ასე ვთქვათ, ფინიშის) შემდეგ პირველი 10 წამის განმავლობაში უნდა დაითვალოთ პულსი. მიღებული რიცხვი გაამრავლოთ 6-ზე. მიღებული ნამრავლი არ უნდა იყოს "სასარგებლო მაჩვენებელზე" მეტი. როგორ გამოვთვალოთ "სასარგებლო მაჩვენებელი"? 180 –ს უნდა გამოაკლოთ ასაკი. მაგალითად, თუ თქვენ 40 წლის ბრძანდებით, მაშინ თქვენთვის "სასარგებლო მაჩვენებელია" 180 - 40 = 140. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენი მაჯისცემა წუთში 140-ს გადააჭარბებს, დატვირთვას არ ექნება გამაჯანსაღებელი და სასარგებლო ეფექტი!
| Print |
FaceBook Twitter Google