სპექტრი+
კანის მოვლა 25 წლის შემდეგ
ქალის კანს ყოველ ასაკში სხვადასხვანაირი მოვლა სჭირდება. 25-დან 30 წლამდე მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ დამატენიანებელ და გარემო ფაქტორების ზემოქმედებისგან დამცავ საშუალებებს. ამ ასაკში კანს ჯერ კიდევ შეუძლია, სრულფასოვნად გამოკვებოს საკუთარი თავი, მისთვის სინოტივის შენარჩუნებაზე კი ჩვენ თვითონ უნდა ვიზრუნოთ. 25 წლის შემდეგ ბევრი ქალი ამჩნევს სიბერის პირველ ნიშნებს: ჩალურჯებულ უპეებს, წვრილ ნაოჭებს. პიგმენტის რაოდენობის შემცირების გამო შესაძლოა გაჩნდეს პირველი ჭაღარაც. ხშირად ეს ცვლილებები კომპლექსებს იწვევს. ამისგან თავდასაცავად დროულად უნდა დავიწყოთ სახის კანის სრულფასოვანი მოვლა. ორგანიზმში წყლის ნაკლებობის გამო იჭმუხნება და ნაოჭდება კანი, ამიტომ მოვლის მთავარი პუნქტი ამ ასაკში დატენიანებაა.25 წლის შემდეგ კანზე გამონაყარი აღარ უნდა გქონდეთ. თუ აქამდე კანს არ სჭირდებოდა ღამის კრემი, ახლა სწორედ მისი შეძენის დროა. ეფექტურია კოლაგენისა და რეტინოლის შემცველი კრემები. ჭარბი კრემი სახეზე არ დაიტოვოთ, წასმიდან 15-20 წუთის შემდეგ შეიშრეთ ქაღალდის ხელსახოცით. უწინდებურად ერიდეთ მზეს. ეცადეთ, ყოველგვარი კრემი, რომელსაც შეიძენთ (რასაკვირველია, ღამის კრემის გარდა), შეიცავდეს შPF ფილტრს. ამ ასაკში აუცილებელია თვალების ირგვლივ კანის მოვლაც, რათა ეს მიდამო რაც შეიძლება მეტხანს შევინარჩუნოთ უნაოჭოდ. ამისთვის აუცილებელია რამდენიმე წესის დაცვა: 1. მაკიაჟი თვალებიდან მოიშორეთ რაც შეიძლება ფრთხილად ოფთალმოლოგის მიერ შერჩეული სპეციალური საშუალებით. 2. მზიან ამინდში აუცილებლად გაიკეთეთ მზის სათვალე. 3. არ დაიკლოთ ძილი. 4. ყოველ დილა-საღამოს წაისვით ქუთუთოებისთვის განკუთვნილი სპეციალური კრემი. 5. გაიკეთეთ ქუთუთოების მასაჟი: ფრთილად გადაისვით თითი ზედა ქუთუთოზე შიგნითა კუთხიდან გარეთასკენ და მსუბუქად მიირტყით შუა თითის ბალიში. ასევე - ქვედა ქუთუთოზეც. 6. ეცადეთ, ქვედა წამწამებზე ტუში იშვიათად წაისვათ. ამ დროს ჩნდება პირველი ნაოჭები ტუჩების ირგვლივ. მათი გაჩენა თავიდან რომ აიცილოთ, ყოველდღიურად ისვით ტუჩებზე სპეციალური ბალზამი, თუ ეწევით, თავი დაანებეთ. არ დაივიწყოთ კანის სწორი გაწმენდა და ტონირება. რაც მთავარია, კანის მოვლის პროცედურები რეგულარულად ჩაიტარეთ.
| Print |
FaceBook Twitter Google