სპექტრი+
რას იწვევს ღამით მესიჯობა
ბევრი მოზარდი, ტელეფონის გარეშე დასაძინებლად არ წვება, მიმოწერით ერთობა და ხშირად ღამით გვიან იძინებს, რაც აკადემიურ მოსწრებაზე უარყოფითად მოქმედებს. კვლევებმა აჩვენა, რომ თანამედროვე მოზარდები 8-დან 18 წლამდე, ყოველდღიურად, გაჯეტებს თითქმის 7,5 საათს უთმობენ. გაჯეტის ეკრანიდან წამოსული ცისფერი შუქი სიბნელეში ძლიერდება და ანელებს ჰორმონ მელატონინის (ეპიფიზის მთავარი ჰორმონი, ცირკადული რითმის მარეგულირებელი. უძილობის დროს, "ბიოლოგიური საათის" კორექტირებისთვის მას აბების სახით მიიღებენ) გამოყოფას, რის გამოც ადამიანი დიდხანს ვერ იძინებს. თვალების დახუჭვაც ვერ იცავს ამგვარი შუქის ნეგატიური მოქმედებისაგან. შუქის ჩაქრობის შემდეგ, ძილი თანდათანობით გვერევა. თუ ადამიანები განაგრძობენ ტექსტური შეტყობინებების მიღებას, მათი ცირკადული რითმი ირღვევა.

სწრაფი დაძინების ფაზა მოზარდების მეხსიერების, სწავლისა და სოციალიზაციისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გაჯეტების გამო აღნიშნული ფაზა მცირდება, რაც ნეგატიურად აისახება მოსწრებაზე. ამიტომ, მეცნიერები მასწავლებლებს მოუწოდებენ, მოსწავლეებს მეტი ელაპარაკონ ძილის მნიშვნელობაზე.

მანამდე კი ამერიკელმა მკვლევრებმა განაცხადეს, რომ მელატონინის შემცირებას, გარდა ძილის დარღვევისა, შესაძლოა წონის მატება და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი მოჰყვეს, ხოლო სინათლის ხანგრძლივმა ზემოქმედებამ და ძილის ქრონიკულმა დარღვევამ, გამორიცხული არ არის, სარძევე ჯირკვლის კიბოც კი გამოიწვიოს. მართალია, მეცნიერები ნეგატიურ ეფექტებს მობილურ ტელეფონებსა და პლანშეტურ კომპიუტერებზე ამოწმებდნენ, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ ძილის დარღვევები შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა სხვა გაჯეტმაც, რომელსაც ეკრანის უკანამხრივი განათება აქვს.

წყარო: მკურნალი.გე



| Print |
FaceBook Twitter Google