სპექტრი+
რატომ გვიბუჟდება კიდურები
კიდურები შეიძლება მაშინ დაგვიბუჟდეს, როდესაც ძილის დროს მკლავი თავქვეშ გვაქვს ამოდებული, ანდა ფეხიფეხგადადებული დიდხანს ვზივართ. პოზის შეცვლისას ჩხვლეტისა და ტკივილის შემაწუხებელი შეგრძნება მალევე გაივლის.

თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კიდურების დაბუჟება ძალზე შემაწუხებელია და დიდხანს გრძელდება. შესაძლოა, თან ახლდეს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად, ტკივილი, ქავილი, გრძნობის დაკარგვა, კუნთების სისუსტე. კიდურების დაბუჟებას უმთავრესად ნეიროპათიები და პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევები იწვევს.

ნეიროპათიის მიზეზი შეიძლება იყოს:
• ხერხემლის დაავადება - ოსტეოქონდროზი, დისკოპათია, სკოლიოზი, კიფო-სკოლიოზი, მალების კისტა;
• სიმსივნე;
• ქრონიკული სპეციფიკური ანთება (მაგალითად, ტუბერკულოზი);
• ოსტეოპოროზი;
• განვითარების მანკი (სპინა ბიფიდა);
• პერიფერიული ნერვების ანთება - ნევრიტი, ინტოქსიკაცია;
• შაქრიანი დიაბეტი (დიაბეტური - ნეიროპათია);
• ტრავმული ნევრიტი.

სისხლძარღვთა დაავადებებიდან დაბუჟება ახასიათებს უმთავრესად სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევებს როგორც არტერიული, ასევე ვენური პათოლოგიების დროს. პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა თან სდევს თრომბოზს, ემბოლიას, სისხლძარღვთა ტრავმულ დაზიანებას. კიდურების დაბუჟება მოსალოდნელია ქრონიკული არტერიული და ვენური უკმარისობის დროსაც, მაგრამ უფრო გვიან სტადიებში.

წყარო: მკურნალი.გე

| Print |
FaceBook Twitter Google