სპექტრი+
როგორ ვიკვებოთ ზაფხულში
ზაფხული ადამიანს სწორი კვების საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს. ჭარბ კილოგრამებთან გამოთხოვებაც წელიწადის ამ დროს გაცილებით იოლია.

მაღაზიებისა და ბაზრების დახლებზე ახალი ხილის, ბოსტნეულის, კენკრის ფართო არჩევანია - ეს ის პროდუქტებია, რომლებიც ორგანიზმს ვიტამინებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით ამარაგებს.

რა ვჭამოთ ზაფხულში, რომ მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ?

1. ზაფხულში სწორი კვების მთავარი წესია, მიირთვათ ის ახალი, ცოცხალი საკვები, რომელიც ჩვენი რეგიონისთვისაა დამახასიათებელი. არ მიეძალოთ ეგზოტიკურ ნაწარმს - ზღვის პროდუქტებსა და ხილს.

2. საჭიროა სითხის გაძლიერებული მიღება. სვით ბევრი წყალი, დღე-ღამეში 1,5-2 ლიტრი მაინც. ეს მხოლოდ სუფთა სასმელი წყლის ოდენობაა და არამც და არამც არ გულისხმობს ჩაის, ყავას და გაზიან თუ ალკოჰოლიან სასმელებს.

3. ზედმიწევნით შეზღუდეთ ცხიმის რაოდენობა.

4. თუ ჯანმრთელობა საშუალებას გაძლევთ, სასურველია, ჩართოთ რაციონში მწარე სანელებლები, რომლებიც ხელს უწყობს ცხიმის წვას.

5. განსაკუთრებით საზიანოა ჭარბი კვება. სადილად სავსებით საკმარისია ერთი თავი კერძი. დანარჩენი შეგიძლიათ მიირთვათ საღამოს, დღე-ღამის შედარებით გრილ პერიოდში. რეკომენდებულია სამის ნაცვლად ხუთჯერადი ტრაპეზი მცირე ულუფებით.

6. ჩართეთ რაციონში მეტი მხალეული და მწვანილი - ქინძი, ოხრახუში, მწვანე სალათა, ისპანახი, ჭინჭარი. ეს პროდუქტები ვიტამინების, მინერალებისა და ამინმჟავების ნამდვილი საბადოა.

7. წელიწადის ამ დროს ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს, ამიტომ სასურველია, გავზარდოთ რაციონში ნახევრად თხევადი საკვების, კერძოდ, ცივი წვნიანების მიღებაც.

8. მიირთვით - რძე, ყველი, ხაჭო, მაწონი. ზაფხული წელიწადის ის ერთადერთი დროა, როცა რძის ნაწარმის მიღება შეუზღუდავად შეიძლება. ის აგრილებს და ხელს უწყობს სითხის დაგროვებას, რაც ორგანიზმს დეჰიდრატაციისგან - გამოშრობისგან იცავს.

9. ეცადეთ, საკვები იყოს თბილი და მსუბუქი.

10. კარგია ბრინჯის, ხორბლის, შვრიისა და წიწიბურას ფაფები - გარდა იმისა, რომ სასარგებლო ვიტამინებს შეიცავს, ორგანიზმს ენერგიითაც ავსებს.

11. საზაფხულო მენიუს მთავარი კომპონენტები ცოცხალი და ცივი კერძებია, მათ შორის - კიტრის, ყაბაყის, კომბოსტოს, ჭარხლის, სტაფილოს, ჭინჭრის, მჟაუნას წვნიანები და სალათები.
ხილიდან განსაკუთრებით სასარგებლოა გარგარი, ბალი, ალუბალი, შავი ქლიავი, მარწყვი, ხენდრო. ყურძნის წვენი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ზაფხულში უმჯობესია წყალში გაზავებული სვათ.

12. ნებადართულია ღორის, ქათმის, ინდაურისა და კურდღლის ხორცი, ერიდეთ ზღვის პროდუქტებს: მიდიებს, მოლუსკებს, კიბორჩხალებს. ხორციანი კერძი კვირაში 2-ჯერ სავსებით საკმარისია. ერიდეთ შემწვარსა და მოხრაკულ ხორცს, განსაკუთრებით - ცხვრისას.

13. მოერიდე ალკოჰოლურ სასმელებს, მით უფრო - ლუდთან ერთად მაგარი სასმელების სმას. ზაფხულში განსაკუთრებით საშიშია ალკოჰოლის მიღება ფიზიკურ დატვირთვამდე.

14. შეძლებისდაგვარად შეამცირეთ შემწვარი და შებოლილი საკვები. მიირთვით უფრო მეტად მოხარშული, მოშუშული, გამომცხვარი. ხილისა და ბოსტნეულის მიღება კი ცოცხლად ჯობს.


წყარო: მკურნალი.გე
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კვება / ზაფხული /