სპექტრი+
თუ ფეხები გიშუპდებათ
ქვედა კიდურების შეშუპება ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვების მანიშნებელია. სითხის დაგროვებას ბევრი რამ იწვევს.


შეშუპების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
გულის უკმარისობა- მიოკარდიუმის ინფარქტი, ხანგრძლივი ჰიპერტონია, გულის სარქვლების ვირუსული და სხვა დაავადებები აზიანებენ გულის კუნთს, რის გამოც იგი ვენებიდან მიწოდებულ სისხლს ფილტვებში სათანადო ინტენსიურობით ვეღარ გადაისვრის. სისხლი ვენებში გუბდება. გულის მარცხენა ნაწილის სისუსტის დროს ფერხდება ფილტვებიდან ახალი სისხლის გადინება და შეგუბებითი პროცესი უკვე ფილტვებში ვითარდება, რაც სუნთქვას აძნელებს, ამიტომ გულის უკმარისობის დროს ორივე ქვედა კიდურის შეშუპებასთან ერთად ყოველთვის აღინიშნება სუნთქვის გაძნელება და ქოშინი.


ფლებიტი- ეს არის ქვედა კიდურის ერთი ან რამდენიმე ზედაპირული ვენის დაზიანება, რომელიც ანთებითი პროცესის ან ვენის სანათურის სისხლის კოლტით დახშობის შედეგად ვითარდება. ფლებიტი იწვევს ტკივილს, შეშუპებას და სიწითლეს. ვენების სანათურთა დახშობის შემდეგ სისხლი ქვედა კიდურებში ყოვნდება, გუბდება და ახლომდებარე ქსოვილებში ჟონავს.


ვენების ვარიკოზული გაგანიერება-  დაავადების დასაწყისში ქვედა კიდურები არც ისე შესამჩნევად შუპდება. შეშუპება დაავადების მოგვიანებით სტადიაზე იჩენს თავს და უშუალოდ უკავშირდება სხეულის ვერტიკალურ მდგომარეობას - საღამოობით ძლიერდება, დილისთვის ქრება, დღის მეორე ნახევარში კი კვლავ შესამჩნევი ხდება. მოგვიანებით შეშუპებას ერთვის კანის პიგმენტაცია და წყლულები. ვარიკოზის დროს შეშუპება ასიმეტრიულია - ჩვეულებრივ, მხოლოდ ცალი კიდურია შეშუპებული.

თირკმლის დაავადებები - ამ დროს მთელი სხეულია შეშუპებული, რასაც შარდთან ერთად ცილა ალბუმინის კარგვა განაპირობებს. ნორმაში ალბუმინი შარდთან ერთად არ გამოიყოფა, თირკმლის დაავადების დროს კი იკარგება და მისი დეფიციტის შესავსებად სისხლიდან ქსოვილებში ზედმეტი სითხე გადადის, რაც მთელი სხეულის შეშუპებას იწვევს.

შიმშილი- ცილების დეფიციტი იწვევს მთელი სხეულის, განსაკუთრებით კი მუცლისა და ქვედა კიდურების შეშუპებას.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება- შეშუპებას, ისევე როგორც თირკმლისა და ღვიძლის დაავადებების დროს, ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ალბუმინის დეფიციტის დაბალანსების მცდელობა იწვევს.


პერიკარდიტი- პერიკარდიუმი გულის პერანგია, იგი გულის შეკუმშვათა პარალელურად იკუმშება და იშლება. მისი დაზიანებისას გულს უძნელდება ნორმალური შეკუმშვა, ამიტომ სისხლი ჯერ კისრის ვენებში, შემდეგ მუცელში, ბოლოს კი ქვედა კიდურებში გუბდება.
ქვედა კიდურების შეშუპებას ხანგრძლივი დგომა და უმოძრაობა იწვევს. იგი ასევე თავს იჩენს მძიმე ფიზიკური შრომის, სუფრის მარილის ჭარბად გამოყენების, ბრტყელტერფიანობის დროს. ხელშემწყობი ფაქტორებია მაღალქუსლიანი და არაკომფორტული ფეხსაცმელი, მჯდომარე პროფესიები, ხანგრძლივი მგზავრობა. ამ დროს შეშუპება ფაქტორის მოხსნისთანავე ქრება.

პრაქტიკული რჩევები:
ჩაიცვით მოხერხებული ფეხსაცმელი. თუ დიდხანს დგომა გიწევთ, გამოიყენეთ სპეციალური სამკურნალო წინდები, რომლებიც ხელს უშლის შეშუპებას. ნაკლებად გამოიყენეთ სუფრის მარილი.თუ შეშუპება გახანგრძლივდა და რეჟიმის შეცვლა არ გშველით, მიმართეთ ექიმს. სასტიკად არის აკრძალული ყოველგვარი თვითდიაგნოსტიკა და მკურნალობა.სიფრთხილით გამოიყენეთ შარდმდენი პრეპარატები - შეშუპების მკურნალობა დაგროვილი სითხის ორგანიზმიდან გამოძევება კი არა, მისი მიზეზის აღმოფხვრაა.

წყარო: მკურნალი.გე
| Print |
FaceBook Twitter Google