მატიანე
გურჯაანელი ბალერონის გზა ოპერისა და ბალეტის თეატრიდან თოჯინების თეატრამდე
ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, ყოფილი ბალერონი 84 წლის გივი ტაბახმელაშვილი უკვე რამდენიმე წელია გურჯაანის თოჯინების თეატრში მოღვაწეობს. ამჟამად ის სამხატვრო ხელმძღვანელია.

როგორც გივი ტაბახმელაშვილი ამბობს, ქორეოგრაფიით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული და წარმატების მისაღწევად დიდი შრომა დასჭირდა.
„თბილისის # 41-სკოლაში ვსწავლობდი, მაგრამ ოჯახური პირობების გამო გარკვეული ხნის შემდეგ სასწავლებლად კარდენახში, მამის მშობლიურ სოფელში გადმოვედით. ამ პერიოდში გახსნილი იყო ქორეოგრაფიული წრე, რომელსაც გამოცდილი მოცეკვავე და პედაგოგი გულიაშვილი ხელმძღვანელობდა. ეს საქმე ჩემში დიდ ინტერესს და შემდგომ უკვე დიდ სიყვარულს იწვევდა. დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ბალეტის ელემენტები შევისწავლე. 17 წლის ვიყავი სასწავლებლად ისევ თბილისში რომ გადავედი. მამიდაჩემი ოპერისა და ბალეტის თეატრში ექთნად მუშაობდა. სწორედ მან მიმიყვანა ქორეოგრაფიულ სტუდიაში, დავით ჯავრიშვილთან. ცოტა ხნის შემდეგ სტუდია ვახტანგ ჭაბუკიანმა ჩაიბარა და მის დაქვემდებარებაში გადავიდა ქორეოგრაფიული სასწავლებელიც,“- იხსენებს გივი ტაბახმელაშვილი.

როგორც ყოფილი ბალერონი გვიყვება, 1953 წელს ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასში ჩაირიცხა და სწორედ იქიდან დაიწყო მისი წინსვლა ხელოვნებაში.

„ცეკვა ძალიან მიყვარდა. ვსწავლობდი კლასიკურ, სამეჯლისო, ხალხურ და საბალეტო ცეკვებს. ენერგიას არ ვზოგა¬ვდი. ცოტა ხანში ამიყვანეს სტაჟიორად, შემდეგ კი შტატშიც ჩამსვეს. საერთაშორისო ფესტივალებზე ვახტანგ ჭაბუკიანთან, ვერა წიგნაძესთან და სუხიშვილების საბალეტო დასთან ერთად არაერთ წარმატებას მივაღწიე. გასტროლებზე დავდიოდით: ავსტრიაში, პოლონეთში, ინგლისში, უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში და ა.შ. სულ 26 ქვეყანა მოვიარე.“
როგორც ყოფილი ბალერონი ამბობს, პირველი მეუღლე სწორედ თავისი პროფესიის წყალობით გაიცნო.


„მოსკოვში გაიმართა ცეკვისა და სიმღერის ფესტივალი, სადაც 15 რესპუბლიკის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. ჩემი მეუღლე იქ გავიცანი, ქალაქ რიგადან იყო ჩამოსული. როდესაც საქართველოში დავბრუნდი, მიმოწერა გვქონდა. ერთი წლის შემდეგ კი ჩავედი და ხელი მოვაწერეთ. მოგვიანებით, ისევ საქართველოში დავბრუნდით და ვაჟიშვილი შეგვეძინა. მეუღლე ბუღალტერი იყო და თავისი პროფესიით მუშაობდა. წლების განმავლობაში ერთად ვიცხოვრეთ, შემდეგ კი, დავცილდით.“

წლების განმავლობაში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის მსახიობი, იმავე თეატრში ბალეტის რეპეტიტორი და დირექტორი იყო. ბოლოს კი სამხატვრო საწარმოო სახელოსნოს ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავა. თუმცა, მას შემდეგ, რაც გურჯაანში კულტურის სახლი აშენდა, გადაწყვიტა, მშობლიურ რაიონს დაბრუნებოდა და თავისი შესაძლებლობები მისი განვითარებისთვის მოეხმარებინა.

„ გურჯაანის კულტურის სახლის მშენებლობა იწყებოდა. ჯერ საძირკველი იყო ჩაყრილი. დამიბარა მაშინდელმა მესამე მდივანმა გულიკო ჭუნიაშვილმა და მითხრა, რომ მე უნდა ვყოფილიყავი კულტურის სახლის დირექტორი. მიუხედავად იმისა, რომ კარგი კა¬რიერა მქონდა, გადაწყვიტე ბალეტი დამეტოვებინა და ჩემი ნიჭი და გამოცდილება მშობლიური რაიონისთვის მომეხმარებინა. როდესაც აქ ჩამოვედი, ცარიელი კედლები დამხვდა. კულტურის სახლი 1988 წელს გაიხსნა და ყველაფერი თავიდან დავიწყე: მოვიტანე ავეჯი, საგრიმიოროები თბილისის დონეზე გავაკეთე. 1991 წელს ჩემივე სურვილით გადმოვედი თოჯინების თეატრში დირექტორად. დაახლოებით ორი წელია, რაც სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე ვარ. მიზანი მქონდა, რომ გურჯაანის კულტურის ცენტრი მაღალ დონეზე ყოფილიყო კახეთში და ამას მივაღწიე ჩემი დირექტორობის პერიოდში. თბილისიდან ჩამოსული სტუმრები მადლობას მიხდიდნენ.“

უკვე წლებია გივი ტაბახმელაშვილი მეორე მეუღლესთან ერთად კულტურის ცენტრის შენობაში ცხოვრობს, რადგან როგორც თვითონ ამბობს, სხვა სახლი არ აქვს.
„კარდენახიდან წლების წინ იმ პირობით წამოვედი, რომ ბინა უნდა მოეცათ. იმ პერიოდში სარიშვილი იყო მდივანი, შემდეგ ის გაათავისუფლეს და მეც ასე დავრჩი უბინაოდ. აქ ვარ მუდმივად. მინდა ცოტა ხანში თავი დავანებო ჩემს საქმიანობას. ვფიქრობ, ასაკი მაქვს უკვე და დასვენება მჭირდება. ჩემი განვლილი ცხოვრებით და საქმიანობით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ამჯერად უპატრონოდ ვარ დარჩენილი. ჩემი შრომაც დაიკარგა და დაფასებაც აღარ მაქვს.“
გივი ტაბახმელაშვილს წლების განმავლობაში მიღებული აქვს დამსახურებული მსახიობის წოდება, არის სხვადასხვა ჯილდოს, მათ შორის, ღირსების ორდენის მფლობელი.

| Print |
FaceBook Twitter Google