გურჯაანი – ყვარლის გზაზე მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის
შედეგად დაშავებული პედაგოგი წუხელ, კატასტროფის მედიცინის ცენტრის
ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.
მას თავის ტვინის ტრამვა აქვს და ნეიროქირურგი ესაჭიროებოდა. როგორც
speqtri.ge-ს „ჯეოჰოსპიტალსის“ გურჯაანის სამედიცინო ცენტრის უფროსმა
ექიმმა ნიკოლოზ ლომინაძემ განუცხადა, მოსწავლეების ჯამრთელობის
მდგომარეობა სტაბილურია. „მოზარდებში ფიქსირდება კიდურების მრავლობითი
მოტეხილობები. ერთ-ერთს ცხვირის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და სასწრაფო
ოპერაცია ჩაუტარდა. ერთი შედარებით უკეთაა შესაძლოა გავწეროთ, ორნი
სტაციონარში დარჩებიან. სხვადასხვა დაზიანებები აქვთ და მკურნალობას
გააგრძელებენ“. შეგახსენებთ, ავტოსატრანსპორტო შემთხვევა გუშინ,
საღამოს გურჯაანის – ყვარლის საავტომობილო გზაზე, სოფელ ველისციხეში,
მდინარე ალაზანთან მოხდა. დიდი სისწრაფით მიმავალი BMW–ს მარკის
ავტომანქანა „X5“ ხეს შეეჯახა და რამდენჯერმე გადაბრუნდა. მანქანაში
მყოფი 4 ადამიანი (მძღოლი, პედაგოგი, ორი მოზარდი) დაშავდა. ქალაქ
გურჯაანის N2 საჯარო სკოლის მე–12 კლასელები სკოლის დამთავრებას
აღნიშნავდნენ. შსს პრესსამხურის წარმომადგენლის კახეთში შორენა ჯახუას
განმარტებით: საქმეს გურჯაანის რაიონული სამმართველო იძიებს,
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის
უსაფრთხოების, ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები